20:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

11 იან 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობას უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.

„შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

„აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 თას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მისივე თქმით, აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება იმიტომ, რომ მსესხებლები, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ, სესხის დასაფარავად, ამის გაკეთება არ მოუწევთ. 

„ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვდის უკვე კომერციულ ბანკებს იმ ლარის რესურსს, რომელი ლარის რესურსიც საჭიროა. სტატისტიკურად, რასაც ჩვენ ვითვლით, 33 ათასს სესხს შეიძლება შეეხოს ეს ყველაფერი, მსესხებლების რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმებული იქნება უკვე კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების რაოდენობა და ასევე მომართვიანობის რაოდენობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულის მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხების მომსახურების ნაწილში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას აღარ გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდინდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის რყევა იქნებოდა“, -აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ივლისის პროგნოზთან შედარებით, 0,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მომდევნო წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5,3%-ით გაიზრდება, ხოლო 2019 წელს კი 5%-ით. 

რაც შეეხება 2016 წელს, - მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,4%-ს შეადგენს. 

მსოფლიო ბანკი რეგიონში 2017-2019 წლებში, 2,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანში 1,2%-იან ზრდას ელოდება, რუსეთში 1,5%-იანს, თურქეთში 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული, ხოლო უკრაინაში კი 2%-იანი.

ეროვნულმა ბანკმა იმ ქვეყნების სია დაადგინა, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკებია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, იმ ქვეყნების ნუსხა შედგა, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკი არსებობს. 

 ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხა ასე გამოიყურება: ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა; ბ) ანგილია; გ) ანტიგუა და ბარბუდა; დ) ბოსნია-ჰერცეგოვინა; ე) დომინიკის თანამეგობრობა; ვ) ერაყის რესპუბლიკა; ზ) ვანუატუ; თ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები; ი) იემენის რესპუბლიკა; კ) ირანის ისლამური რესპუბლიკა; ლ) კაიმანის კუნძულები; მ) კოლუმბიის რესპუბლიკა; ნ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა); ო) ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა; პ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა; ჟ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები; რ) სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია; ს) სეიშელის რესპუბლიკა; ტ) სირიის არაბთა რესპუბლიკა; უ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა და ფ) უგანდის რესპუბლიკა.

”ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ყოველწლიურად შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილებების აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს”, - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.