20:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

17 ივლ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი წლევანდელ შემოდგომას, რუსთაველის გამზირზე გაიხსნება. იგი მრავალ ხელმისაწვდომ და უნიკალურ ბრენდს გააერთიანებს. 

სავაჭრო ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველად ეწვევიან საქართველოს. ახალი კონცეფციით ბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს. 

სავაჭრო ცენტრში საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის, მაღაზიის ინტერიერის, პროდუქციის და სერვისის კუთხით. 

გალერია თბილისის საერთო ფართი 55, 000 მ²-ს შეადგენს.

 მინუს ერთ სართულზე განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტები. 

შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები. 

სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს.

 გალერია თბილისი იქნება პირველი სავაჭრო ცენტრი საქართველოში, რომელშიც განთავსდება სრულად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი. 

შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი ღია ტერასით.

პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ შენობაში ინტეგრირებულია „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები და მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედნის“ განახლებული ფოიე, ამასთანავე, მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთი-ერთი წარმატებული პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გალერია თბილისის ვებ გვერდს: http://www.galleria.ge/

GEM FEST-მა გახსნის პირველივე დღეებში 10 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა

"ჯემ ფესტი“-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ 10 ათასამდე ვიზიტორს, საიდანაც 64% იყო უცხოელი. უკვე გვქონდა 48 შოუ 8 სცენაზე“ - ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის „ჯემ ფესტის“-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი მიზანი check in Georgia-ს პროექტის მიმდინარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. 

როგორც გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წელს პირველად მოხდა განმუხურის გარეთ, GEM FEST-ის გარე ტერიტორიის ათვისებაც, მათ შორის არის კუნძული მდინარე ენგურში, ასევე ჩინური სცენა ანაკლიის სანაპიროზე და სხვა. „განმუხურში არის ქუჩები, სადაც ტურისტი იშვიათი იყო, ხოლო ახლა ჰოლანდიელებს და გერმანელებს აქვთ აღებული სახლები და ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო დრო გაატარონ. ძალიან დიდი ხალისი და სიცოცხლე ჩქეფს ანაკლიაში და განმუხურში, 100-ზე მეტი ობიექტია აშენებული. ხუმრობა არ არის, რომ სამეგრელოს სოფელ განმუხურში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, ინტენსიურად შენდება Guest House-ები და ახალი ობიექტები. ასე რომ, უკვე სამი დღეა დაიწყო ჩვენი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი და გელოდებით ყველას ანაკლიასა და განმუხურში“ - აღნიშნა სიგუამ პრესკონფერენციაზე. 

„ჯემ ფესტი 2017“ განმუხურში 14 ივლისს დაიწყო და 33 დღის განმავლობაში, 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. 

საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები. 

20 ივლისიდან ახალი “მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს 

“მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს დიდ დიღომში ახლად აშენებული ავტობაზის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის მარშუტები, რომელზეც ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

“დასრულდა ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ახალი ავტობაზის მშენებლობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან, რომელიც მოწყობილია თავისი გაზგასამართი სადგურითა და შესაბამისი სისტემით. ახალ ავტობუსებს ახალი ავტობაზა მოემსახურება. უკვე ყველა პროცედურა დასრულებულია და როგორც კი ავტობუსების ახალი ბაზა გაიხსნება, 20 ივლისიდან ყველა ავტობუსი განსაზღვრულ მარშრუტზე იმოძრავებს. თბილისს ახალი და კომფორტული ავტობუსები მოემსახურება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

“მანის” მარკის ახალი ავტობუსები თბილისში რამდენიმე მარშრუტზე უკვე მოძრაობს. სულ დედაქალაქის მერიამ 143 ავტობუსი შეიძინა.