06:55 AM
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Starbucks მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქსელის გაფართოებას გეგმავს
რა შემთხვევაში გაუქმდება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა?

სიახლეები

„უფასოდ მუსიკის გადმოწერა ისეთივე დანაშაულია, როგორც მაღაზიიდან ტელეფონის მოპარვა“

აქვს თუ არა საქართველოს იმის კულტურული პოტენციალი, რომ ამ სფეროდან სერიოზულ ფინანსურ სარგებელს ელოდეს? რამდენად სწორად იგეგმება ქვეყნის კულტურული პოლიტიკა და მენეჯმენტი?

AGORA.GE გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს არტ ადმინისტრირებისა და კულტურის მენეჯმენტის საკითხების სპეციალისტ დათო ნადირაძესთან:

 

 

დათო, ამჯერად, რას საქმიანობ აშშ–ში? სხვადასხვა საინფორმაციო წყაროდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენ აქტიურად იყავი დაკავებული შტატებში ქართული კულტურის პოპულარიზაციით...

ამჯერად, ვმუშაობ სამხრეთ იუტას ხელოვნების მუზეუმის ასისტენტ დირექტორად და ვიცავ დოქტორთან გათანაბრებულ ხარისხს არტ ადმინისტრირებაში სამხრეთი უტას უნივერსიტეტში. სხვადასხვა კონფერენციებზე მქონდა წარდგენილი კონცეფციები, რომლებიც ქართული კულტურის და ხელოვნების განვითარებას ემსახურებოდა და სტრატეგიულად იყო დაგეგმილი სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებთან მათი გაძლიერების და ხელშეწყობის მიზნით. გამიმართლა და ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს განათლების საერთაშორისო ცენტრი და უნივერსიტეტი მიფინანსებს.

 

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ კულტურული პოტენციალი აქციოს ქვეყნის ყველაზე მომგებიან ფინანსურ წყაროდ. როგორია შენი აზრი ამ საკითხზე?

პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. კულტურისა და ხელოვნების პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი რთულია, რადგან პირდაპირ „ფულის კეთების“ მოლოდინი გადაჭარბებულია. თუმცა არსებობს საკითხის მეორე მხარეც: მაგალითად, თეატრებში. იმას თუ გავითვალისწინებთ, რამდენ რესტორანს ავსებს გარშემო თეატრი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მაშინ უკვე ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი ნამდვილად ღირს.

ჩვენს შემთხვევაში ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურა საქართველოსთვის აქტივებია, რომელსაც დროთა განმავლობაში მეტი ფასი ეძლევა, ხოლო კულტურასა და ხელოვნებაში სტრატეგიულად ჩადებული დაფინანსება - ინვესტიცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კონსერვაცია და ფრომოუშენი პირდაპირ კავშირშია ტურიზმის,რეგიონების, განათლების და ეროვნული თვითმყოფადობის გამყარებასთან, რომელიც Welfare Economics-ის მთავარ ღერძად ითვლება ულტურის ეკონომიკაში.

 

როგორია შენი ზოგადი ხედვა ქართული კულტურის პოლიტიკისა და მენეჯმენტის შესახებ?

საქართველოში არსებული გარემო კულტურული და სახელოვნებო ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის არასახარბიელოა. თუ სახელოვნებო ორგანიზაციას დაფინანსება პირდაპირ სახელმწიფოსგან არ აქვს, ძალიან რთულია გადარჩეს, განვითარებაზე საუბარიც  ზედმეტია. არსებული საკანონმდებლო გარემო არ ითვალისწინებს არანაირ შეღავათს ან სტიმულირებას სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის. მაგალითად, არ გვაქვს სისტემა, რომელიც ინდივიდუალურ დონორებს წაახალისებს: თუ ხელოვანი $1000-იან ქანდაკებას აჩუქებს ორგანიზაციას, ნივთის დამატებით ღირებულებას რეესტრი ქანდაკების ავტორს უკან უბრუნებს ამერიკაში. ასევე, მოგების გადასახადი უმცირდებათ ბიზნესებს, რომლებიც არტ ორგანიზაციებს სწირავენ თანხას. საქართველოში საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების გაგებაც განსხვავებულია; რატომღაც მოლოდინია, რომ წლის ბოლოს ბალანსზე 0 თეთრი უნდა ჰქონდეთ და ბიზნეს მოდელების განვითარება / დანერგვაზე ხმები მხოლოდ შორიდან ისმის.

იმის გამო, რომ საქართველოში არ არის განვითარებული კულტურული და სახელოვნებო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით ამ სფეროს შესახებ. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას აქვს სტატისტიკა და ინფორმაცია კულტურასა და ხელოვნებაზე. მე არ ვიცი, როგორ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როცა არავინ იცის ზუსტად რამდენი ადამიანი მიდის თეატრსა თუ მუზეუმში? ვინ და რატომ დადის? კინოში წასვლის შემდეგ ადამიანები სად წავიდნენ და რამდენი ფული დახარჯეს იმ დღეს? სკოლაში იმ ბავშვების აკადემიური აქტივობა, ვინც ხელოვნებით არის დაკავებული, რამდენი პროცენტით მაღალია მათზე, ვინც ხელოვნებით არ არის დაკავებული? აღწერილი დანაშაულის ჩამდენი პირებიდან რამდენ პროცენტს ჰქონდა წვდომა ხელოვნებაზე? რამდენს ხარჯავს ერთი ადგილობრივი მოსახლე კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებისას და რამდენს ტურისტი? როგორი იყო არსებული ეკონომიკური გარემო და როგორ შეიცვალა Gemfest დაარსების შემდეგ ანაკლიაში? როგორია წიგნის მოხმარების სტატისტიკა, რა ასაკის ადამიანი რა მასალას კითხულობს ან რა დროს უთმობს ყოველ დღე კითხვას? როგორ შეცვალა ტექნოლოგიებმა კულტურისა და ხელოვნების ნაწარმის მოხმარება ბოლო ათი წლის მანძილზე ან, თუნდაც, როგორ ეხმარება ბავშვებს კითხვა შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე შესასვლელად? მსგავს მნიშვნელოვან კითხვებზე ისეთი ზედაპირული პასუხები გვაქვს, როგორიცაა „ტურისტები ბევრს იხდიან“ და „ბინა ანაკლიაში კარგად ქირავდება“.

ასეთი კითხვების დასმით მინდა ვაჩვენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ინფორმაციის ფლობა კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში, რომელიც, როგორც წესი, ხელოვნების და კულტურის მენეჯმენტმა უნდა განახორციელოს, ეს უკანასკნელი კი იმდენად სუსტია, რომ, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია.

დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფომ დიდი რესურსი და ინვესტიცია უნდა ჩადოს საქართველოში არსებული და ახალი კულტურული ორგანიზაციების განვითარებაში, რაც, შედეგად, ამ სფეროს გაცილებით სწრაფ განვითარებას მოიტანს. როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება, რომ საქართველოში კულტურის და ხელოვნების განვითარების მექანიზმები მხოლოდ სახელმწიფოს ჰქონდეს? რამდენად სრულყოფილი სისტემა უნდა იყოს, რომ ეს რეალური აგხდეს? ეს იგივეა, რაც ჯანდაცვის განვითარება ძლიერი სამინისტროს და კლინიკების სუსტი მენეჯმენტით.

 

როგორც ცნობილია, შენ გაგიჩნდა საქართველოში მსოფლიო უძველესი ღვინისწარმოებისშემეცნებითი მუზეუმის შექმნის შესახებ. ფინანსურად რამდენად მომგებიანი იქნება ამგვარი პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის?

მსგავსი იდეები ბევრია, მაგრამ ფასი არ აქვს, თუ მნიშვნელობა მხოლოდ მცირე ჯგუფს ესმის. რა თქმა უნდა, ამ იდეის სარგებელი არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაზეც კი არის მიბმული. ერთია, ამბობდე, რომ ღვინის უძველესი ქვეყანა ხარ და მეორე - მხოლოდ ერთი ქვევრი გედოს მუზეუმში. ისმება კითხვა, როგორ ვამკვიდრებთ, როგორ „ვყიდით“ იმას, რომ ღვინის ქვეყანა ვართ? როგორ ვიმყარებთ იდენტობას, რომ მედიცინა საქართველოში მედეასგან მოდის? როგორ ვამახსოვრებთ და ვახსენებთ მსოფლიოს, რომ რკინის გავრცელება მსოფლიოში კავკასიიდან დაიწყო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი სივრცეების შექმნა, როგორიც მუზეუმებია, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც მსოფლიო რუკაზე ქვეყნის მონიშვნას, ასევე, კვლევებს და ქვეყნის ბრენდირებას.

P.S. მსოფლიოში მსგავსი ტიპის და მოცულობის მუზეუმი ჯერ კიდევ არ არსებობს და რომელი ქვეყანაც უფრო ადრე განახორციელებს მსგავს იდეას, პირველი მოინიშნება მსოფლიო რუკაზე.

 

როგორ შეაფასებ საქართველოს მთავრობის კულტურულ პოლიტიკას?

კარგი სიახლეა, რომ მთავრობამ უკვე დაამტკიცა კულტურის პოლიტიკა. პირადად ჩემთვის, აღნიშნული დოკუმენტი ბუნდოვანია და შეიცავს როგორც პოლიტიკის, ასევე, სტრატეგიული გეგმის ბევრ ელემენტს, თუმცა, საბოლოოდ ვერც ერთს ვერ მიაკუთვნებ. რაც ამ დოკუმენტში წერია, უდავოდ კარგია, მაგრამ რამდენად აქვს სახელმწიფოს მისი განხორციელების რესურსი? სხვა ორგანიზაციებს? რა ოდენობის და ხარისხის კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვაქვს საქართველოში, რომლებსაც ამ პოლიტიკის სხვადასხვა ნაწილების აღსრულება და განხორციელება ხარისხიანად შეუძლიათ?

ამ პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მეთოდოლოგია ბრწყინვალე იყო და მრავალ ქვეყანას შეშურდებოდა დოკუმენტის შემუშავების ასეთი „ფუფუნება“, სადაც საზოგადოების ყველა ფენა და ათასობით წარმომადგენელი იყო ჩართული. მე ვთვლი, რომ კულტურის სფეროში ძალიან ბევრი მტკივნეული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები და აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუშლის ამ პროცესს.

ცალსახად გადასახედია საქართველოში კულტურის და ხელოვნების დაფინანსების პოლიტიკა და გამჭვირვალობა, ისევე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან დამტკიცებული სახელფასო ფონდები კულტურის სფეროში.

 

აუცილებლად უნდა შევეხო საავტორო უფლებების საკითხს საქართველოში და არალეგალურ ხელმისაწვდომობას, რომელიც ჩვენი პოლიტიკის ძალიან სუსტ მხარეზე მიუთითებს და მომაკვდინებელ დარტყმას აყენებს როგორც ხელოვანებს, ასევე, ამ კუთხით ბიუჯეტში შესასვლელ ხარჯებს. დროა, გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, რომ უფასოდ მუსიკის გადმოწერა ისეთივე დანაშაულია, როგორც მაღაზიიდან ტელეფონის მოპარვა. მის დაწერაზე, ტექნიკურად ჩაწერა–დამუშავებაზე ისეთივე დრო და ენერგიაა დახარჯული, როგორც ნებისმიერი ნივთის, რაშიც ფულს ვიხდით. ასევე, ავტორის წლობით მიღებული განათლება და უდიდესი შრომა. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოს კანონის აღსრულება და საქართველო აღარ იყოს „შავი ხვრელი“, საიდანაც ნებისმიერი უკანონო მასალის ჩამოტვირთვა ინტერნეტით ხელმისაწვდომია. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • „თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს განვადებას „ერთგული“ ბარათის საშუალებით სთავაზობს
  • „ვითიბი ბანკი“ მეორადი ავტომობილის შეძენის მსურველებს აქციას სთავაზობს
  • "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ახალ პროექტს ”#ოფისი თამბაქოს გარეშე” იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 17 - 23 აპრილი, 2017

• იანვარ-მარტში ევროკავშირში ექსპორტი 44%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ში 59%-ით. • იანვარ-მარტში საბანკო სექტორის მოგება 135%-ით გაიზარდა. • მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ინდექსი...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10 - 15 აპრილი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1.86%-ით, ხოლო ევროსთან 1.76%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.