16:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

19 ივნ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

იანვარ-მაისში ევროკავშირში ექსპორტი 40.7%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ში 62.7%-ით

2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 3944.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1003.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2941.4 მლნ. აშშ დოლარს (10.8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1938.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 799.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1090.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 260.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (40.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 830.4 მლნ. აშშ დოლარი (9.1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25.9 პროცენტი და იმპორტში 28.2 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.5, 23.7 და 28.7 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში 30.8 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მაისში 1285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 36.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 383.4 მლნ. აშშ დოლარი (62.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 901.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.6 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38.2 პროცენტი და იმპორტში 30.7 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.5, 30.2 და 26.7 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში 25.3 პროცენტი).

2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 5,1%-ით გაიზარდა

2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 318,0 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,6 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 პროცენტი), მშენებლობა (9,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,7 პროცენტი).

მოცემულ პერიოდში  რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21,6 პროცენტი), კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,0 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,2 პროცენტი). კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-1.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობაში (-1,3 პროცენტი).

აზიის განვითარების ბანკი ძირულა  ჩუმათელეთის მაგისტრალს 80 მლნ. აშშ დოლარით დაფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა (Sean O'Sullivan), რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეთანხმება 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. 

ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი გზების განსავითარებლად. 

"ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ კავშირებს რეგიონებს შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზიის განვითარების ბანკისგან", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პროექტით დაფინანსდება ძირულა - ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.