18:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

14 ივლ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17,1%-ით გაიზარდა

2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 117 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17,1%-ით მეტია 2016 წლის ივნისთან შედარებით. გზავნილები გაიზარდა  იტალიიდან (15,5%), აშშ-დან (14.5%), რუსეთიდან (10.3%)  და საბერძნეთიდან (4,1%). ქვეყნების მიხედვით გზავნილების 34% რუსეთზე მოდის, 10% აშშ-ზე, 10% იტალიაზე, 10% საბერძნეთზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიან გადმორიცხვებში იტალიის წილი არ შეცვლილა, ხოლო რუსეთის 2 პროცენტული პუნქტით, საბერძნეთისა და აშშ-ს კი 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 

ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17,763 მლნ. აშშ დოლარი გადაირიცხა ნაცვლად 16,231 მლნ. აშშ დოლარისა გასული წლის ივნისში.          

თბილისში ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმი გაიმართება 

ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრუგალოსს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ისაუბრეს ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმის შესახებ, რომლის გამართვაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. 

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის. შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომ კონკრეტული სფეროების მიხედვით ვიმუშავებთ ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. ასევე განვიხილეთ და დავსახეთ გეგმა, რომ წლის ბოლომდე გავმართავთ ბიზნესფორუმს, რომელიც ძალიან კარგი პლატფორმა იქნება საქართველოსა და საბერძნეთის კერძო კომპანიების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის“ - განაცხადა გენადი არველაძემ. 

„გეორგიოს კატრუგალოსი და გენადი არველაძე საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან. კომისიის მესამე სხდომა, 13 წლიანი პაუზის შემდეგ ათენში 2017 წლის მაისში გაიმართა. გადაწყვეტილება საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მორიგი სხდომის ჩატარების თაობაზე 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. მთავრობათშორისი კომისია მუშაობს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და მრეწველობა, ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა”, - განმარტავენ სამინისტროში.

DCFTA საინფორმაციო ცენტრმა იმერეთისა და ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრმა იმერეთისა და ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.

ქალაქ ვანსა და დაბა დმანისში გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი ადგილობრივი მეწარმეებისთვის ცენტრის საქმიანობის გაცნობა და სერვისების შეთავაზება იყო. შეხვედრებს კოოპერატივების წარმომადგენლები და მსხვილი ინდ.მეწარმეები დაესწრნენ. საუბარი შეეხო ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალს, ევროკავშირის ბაზრის რეგულაციებს და საქართველოს მიერ DCFTA შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. საინფორმაციო ცენტრის წარმომდგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია სხვა და სხვა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების გზების შესახებ. შეხვედრების დროს გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვა სერვისების პრეზენტაციებიც. 

„მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია, რათა მეწარმეებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ცენტრის საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა არა მარტო ევროკავშირის ბაზარს გვიხსნის, არამედ შიდა ბაზარზე პროდუქციის ხარისხის დახვეწასაც გვავალდებულებს. ამიტომ, საინფორმაციო ცენტრი მხოლოდ ექსპორტის პოტენციალის მქონე მეწარმეებისთვის არ არის - აუცილებელია ეს გზავნილი ბიზნეს-სექტორს მივაწოდოთ“ ,- განაცხადა DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ვეკუამ. 

DCFTA საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.

პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.