16:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

13 სექ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7.5%-ით

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4935.5 მლნ. აშშ დოლარი (7.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ. ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2017 წლის 13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 61 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.395 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სასტუმრო The Biltmore hotel Tbilisi-ში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 ფორუმი მიმდინარეობს

თბილისის მერიის ორგანიზებით, სასტუმროში The Biltmore hotel Tbilisi დღეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა. 

 ფორუმი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და პროგრესული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ფორუმი თბილისის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.

„2017 წლის ფორუმი, სახელწოდებით - „პროგრესული ქალაქები“ ორიენტირებულია იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე. ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა გაღრმავდეს თანამშრომლობა თვითმმართველობებს შორის და წარმოჩინდეს მარკეტინგული შესაძლებლობები“ , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად.

წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის: ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.

ფორუმში ასევე ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი მონაწილეობს, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.

 ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის 50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი.

„ფორუმის შედეგად ქალაქი თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით; ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას; მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა; თბილისში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა; სხვადასხვა ქალაქებისგან წარმატებული გამოცდილებების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით; ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები.

ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას“ წარადგენენ. ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი“, – აცხადებენ მერიაში.