13:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

24 აგვ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური სამუშაო კვოტები შეიქმნება, - ამის შესახებ მერკელმა თბილისში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

„ჩვენ ვამუშავებთ დარგის სპეციალისტების კანონპროეტს, საუბარია იმ დარგებზე, რომელზეც დიდი დეფიციტია გერმანულ ბაზარზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის შევქმნით სამუშაო კვოტებს, რათა დასაქმების ლეგალური შესაძლებლობა გაჩნდეს“, - განაცხადა მერკელმა.

გერმანული KFW მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას დააფინანსებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“. 

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. 

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისთვის

დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს. 

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ოლაფ ციმელკამ.

აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოყო. 

თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტი, რომელიც ხორციელდება ოთხ ფაზად და მისი მთლიანი დაფინანსება შეადგენს 119 მილიონ ევროს სესხის და 37 მილიონ ევროს გრანტის სახით.

ამ მიმართულებით გერმანიასთან თანამშრომლობა შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.