15:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

29 აგვ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში შესვლას ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შეძლებენ

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში შესვლას ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შეძლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე, პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ, იმოგზაურონ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ეს დაეხმარება როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც განიხილება.

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი  კი  ელექტროენერგიას მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო.  

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას ამ რეგიონში

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ განხორციელდეს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ინტერნეტიზაცია დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისება ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია თვისობრივად გარდატეხას შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ კუთხეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე მაღალმთიან სოფლებში  ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება პირველადი დახმარების მიმართულებით.

„ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე. მოგეხსენებათ, აქამდე ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ხშირად ვერ ხერხდებოდა სამედიცინო დახმარების დროული გაწევა. პროგრამის ამოქმედებით პირველადი დახმარების გაწევა აღარ იქნება პრობლემა, რაც არამარტო იქ მცხოვრებთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ასევე 100-ზე მეტი უშუქო სოფლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მოხდება მზის პანელებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. ჯარიმების საკითხზე უწყებაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარებას, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირება.

ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია - რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მოქალაქის დროული ინფორმირება.

მოსახლეობას შევახსენებთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მიღების წესებს. კერძოდ, ჭკვიანი კამერების მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.

ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეზე სისტემაში ფიქსირდებოდეს რეალური და სწორი მონაცემები. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 "ჭკვიანი" ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. წლის ბოლომდე, ქვეყანაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია დამატებით 1 200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა.