13:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

3 სექ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3.1% შეადგინა

2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი). ამასთან, ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც -0,04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-1,3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7,8 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9,7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (24,7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,3 პროცენტი), თევზეული (3,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-17,1 პროცენტი), ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,2 პროცენტით, რაც 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2,9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით, რაც 0,33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8,0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი); 

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 19,7%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 პროცენტით გაიზარდა და 19,9 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 10,0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12,7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

2018 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 43,6 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,7 პროცენტი - საშუალო, ხოლო 32,8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. 

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,2 პროცენტი, საშუალოზე - 25,2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,6 პროცენტი. 

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის II კვარტალში 13,8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8,5 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,6 პროცენტით მეტი).

2018 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4,0 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,0 პროცენტი ქალია, ხოლო 59,0 პროცენტი - კაცი. 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 621,4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2159,8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,2 პროცენტით მეტი).

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისთვის“ იაპონია $343 მილიონს გამოყოფს

საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი ნორიკო სუზუკი ხელს მოაწერენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას. 

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად, JICA საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას.