00:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

14 სექ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა 709 ადამიანი გაიზარდა

საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი.

2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674).

2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა.

საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება

კანაფის კონტროლის სააგენტო - ასე ეწოდება სახელმწიფო უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.

სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები.

პროექტის მიხედვით, სააგენტოს ამოცანებია: მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

კანაფის კონტროლის სააგენტო განახორციელებს მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას, ლიცენზიის მქონე პირების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; უზრუნველყოფს მცენარე კანაფის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მოახდენს მცენარე კანაფის კონფისკაციას, მისი შემდგომი განადგურების მიზნით; მოამზადებს სპეციალურ ანგარიშებს და კანონის შესაბამისად წარუდგენს სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, ასევე, ყოველკვარტლურად და ყოველწლიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციას; განახორციელებს მსოფლიოში კანაფთან დაკავშირებით ბაზრის შეფასების კვლევას, ამ კუთხით არსებული ტენდენციების შესწავლას და აღნიშნულის შესახებ შესაბამის დოკუმენტს მოამზადებს; ასევე მოამზადებს მცენარე კანაფის/მარიხუანის გავლენის შესახებ ნარკომანიის გავრცელებაზე და აღნიშნულ დოკუმენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს; შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, სოციალურ კამპანიებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ნარკომანიის თავიდან აცილების ან/და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით.

კანაფის კონტროლის სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს

„კრედო ბანკმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯის“ პორტფელი შეისყიდა

სს „კრედო ბანკმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯის“ საკრედიტო პორტფელის შესყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გარიგების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის გარდა, „კრედო ბანკს“ „ბი აი ჯის“ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა.

,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯის“ შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ,,კრედო ბანკისთვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის შეძენა, მიკროსეგმენტზე ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდასა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას იძლევა,“ -განაცხადა ,,კრედო ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზაალ ფირცხელავამ.

„ბი აი ჯის“ პორტფელის შესყიდვა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „კრედო ბანკის“ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობას. შეგახსენებთ, რომ „კრედო ბანკმა“ 2018 წლის აგვისტოში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ პორტფელის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ბანკი შესყიდვების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

„კრედო ბანკის“ მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. „კრედო ბანკი“ ქმნის მომხმარებლისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ფინანსურ გარემოს და მათთვის ხელსაყრელი პირობების შესათავაზებლად მუდმივად ზრუნავს სერვისებისა და პროდუქტების განახლება-განვითარებაზე.

20 - წლიანი გამოცდილების მქონე ,,კრედო ბანკი“ თავდაპირველად ქვეყნის საფინანსო ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირებდა. 2017 წლიდან საბანკო ლიცენზია მიიღო და დღეისთვის აქტივების სიდიდით მე-9 ბანკია საქართველოში. „კრედო ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით 68 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. გაფართოების პარალელურად იზრდება ,,კრედო ბანკის“ დასაქმებულთა რიცხვიც, რომელიც ამ დროისთვის 3600 თანამშრომელს აჭარბებს, მომხმარებელთა რაოდენობა კი - 255 ათასს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად წლის ბოლომდე გაიზრდება, როგორც ,,კრედო ბანკის“ მომხმარებლების რიცხვი, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც, რაც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.