04:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

18 სექ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

2018 წლის II კვარტალში მშენებლობის სექტორი 7.1%-ით შემცირდა

2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,8 პროცენტით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,4 პროცენტი შეადგინა.

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22,0 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (17,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,8 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (10,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (8,1 პროცენტი), ტრანსპორტი (8,0 პროცენტი), განათლება (4,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (4,5 პროცენტი). 

კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-7,1 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-3,3 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 პროცენტი) და ვაჭრობა (17,0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8,5 პროცენტი), მშენებლობა (8,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი).

თბილისში პარასკევსა და შაბათს ღამის ავტობუსი იმოძრავებს

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ „ღამის ეკონომიკის“ განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს.

ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლის. ავტობუსს ექნება წარწერა - „ღამის ავტობუსი“. საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. შესაბამისი განცხადება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თემაზე: ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ მიმდინარე კონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის განხორციელებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე „სისტემური განახლების“ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კი გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ისე საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მისი თქმით, მიღებული შედეგების შესაბამისად სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც უწყებაში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობაა.

ამასთან, კონფერენციაში მონაწილეებს სამინისტროში მიმდინარე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნიმუშად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა წარედგინა.

შს უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია, ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.

საუბარი ასევე შეეხო გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხს, რომლის მიზანი გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, გამომძიებელთა პასუხისმგებლობის ზრდა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამოძიების პროცესზე საპროკურორო კონტროლის გაძლიერებაა. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.