03:51 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

19 სექ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ევროკავშირში ექსპორტი 11.4%-ით, დსთ-ში 51.3%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება; აქედან ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარს (21.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარაგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 1 508.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 13.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 455.8 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.2 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 751.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (24.3 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.4 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 206.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 21.4 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 34.0 პროცენტით განისაზღვრა.

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 025.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 51.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 744.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (23.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.3 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 770.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 32.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.9 პროცენტი იყო.

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორების სამეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (298.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (280.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (182.4 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (939.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (599.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (582.5 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 121.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (879.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (727.3 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 319.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 14.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 243.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 230.4 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმაც 576.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 389.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 259.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).

მთავრობა ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებს დათანხმდა

მთავრობა ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებაშიცვლილებებს დათანხმდა.

მთავრობის განკარგულებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი, ვადაგადაცილებით შესრულების, ან შეუსრულებლობის გამო სანქციები არ დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ  „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონფიდენციალურია.

 ანაკლიის პორტის  ინვესტორები  მთავრობას ხელშეკრულებებში ცვლილებებს რომ სთხოვდნენ ივლისში გახდა ცნობილი. მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინვესტორთან საკონტრაქტო ურთიერთობა მსგავს პრაქტიკას ითვალისწინებს. 

„თუ არის და იქნება შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით, რა მნიშვნელობის პროექტია,  როგორც ყველა სხვა პარტნიორთან მიმართებაში,  გავითვალისწინებთ (ინვესტორის თხოვნას) რა თქმა უნდა,  ჩვენთვის მთავარი და პირველი რიგის ინტერესია სახელმწიფოს ინტერესი იყოს დაცული და შემდეგ კონსორციუმის ინტერესი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის მნიშვნელოვანი. 

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას. ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. 16 სექტემბრიდან ფსკერის დაღრმავება დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა  დამაღრმავებელმა  გემმა "ათენა“.

გემი „ათენა“ ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების, ამოტუმბვის და მისი ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, წლის ბოლომდე, 75 მილიონ დოლარზე მეტი იქნება დახარჯული. პირველი ფაზის მშენებლობა ჯამში 600 მლნ დოლარამდე დაჯდება.

ანაკლიის პორტი გემების მიღების დაწყებას 2021 წლიდან გეგმავს. 

წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ სათამაშოების ქსელი „პეპელა“ შეისყიდა

საქართველოს უმსხვილესმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ შეისყიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსში“ განუცხადეს, „პეპელას“ შეძენა არ გულისხმობს კომპანიების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას და სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს ბაზარზე მოღვაწეობას.

მათივე ინფორმაციით, მძლავრი კომპანიების გაერთიანება ორივე ბრენდს მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

„უკვე დაგეგმილია „პეპელას“ ქსელის გაფართოება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე განხორციელდება პროდუქციის გამრავალფეროვნება და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო სიახლე, რომელსაც მომხმარებელი ეტაპობრივად შეიტყობს. ხარისხი კი, რა თქმა უნდა, რჩება კომპანიის მთავარ კრედოდ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

„წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. დღეისათვის ქსელი საქართველოს მასშტაბით 59 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე, „ბიბლუსმა“ შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო და თანამედროვე სავაჭრო ქსელი.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ კი 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს. „პეპელა“ აქცენტს ხარისხიან ლიცენზირებულ პროდუქციაზე აკეთებს. ამჟამად, იგი სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. დღეისათვის აერთიანებს 10 ფილიალს, მათგან 9 მდებარეობს თბილისში, ხოლო 1 ბათუმში. აგრეთვე, კომპანიას აქვს მსხვილი სადისტრიბუციო ქსელი როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში.