07:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

9 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნება

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად დღეს გაიხსნება. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგება, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

9-14 ოქტომბრის დღეებში ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის გახსნის ცერემონიალი 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართება. პავილიონს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნიან. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

საქართველოს პავილიონი, პროექტის ძირითად კონცეფციაზე დაყრდნობით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. მისი პროგრამა შინაარსობრივად არის მრავალფეროვანი და ინტერაქტიული. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინოს ქართულ ხმოვანებას, დაათვალიეროს მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ, პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გამოიფინება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭრით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

მულტიმედიურ სივრცეში დამთვალიერებელი სპეციალური ვიდეო რგოლების საშუალებით იხილავს თანამედროვე ქართველი ავტორების მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას. პავილიონის სტუმრებს საშუალება ექნებათ სპეციალურ ღია ბარათებზე ქართული ასონიშნები დაიტანონ და მათთვის სასურველი მინაწერები გააკეთონ. ყოველი დღის ბოლოს ქართულ პავილიონში მასშტაბურ ლიტერატურულ პროგრამასთან ერთად, საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური და კულინარიული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. პავილიონის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას ბექა გოჩიაშვილის ჯაზ ბენდი, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე, დიჯეი გიგი ჯიქია და Masterknot და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები გააცნობს.

საპატიო სტუმარი ქვეყნის კვირეულის ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე პროექტის ლიტერატურული სპიკერების აკა მორჩილაძისა და ნინო ხარატიშვილის გამოსვლით დაიწყება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მხოლოდ კვირეულში, 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველის წინაშე 33 ჟანრობრივად მრავალფეროვანი სერიით წარდგება. ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების გერმანულენოვანი თარგმანების კითხვა / პრეზენტაციები საქართველოს პავილიონში, ბაზრობის სხვადასხვა სივრცესა და სცენაზე და ფრანკფურტის ლიტერატურულ ინსტიტუციებსა და კაფე-სალონებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფესტივალზე გაიმართება. კვირეულის განმავლობაში, ქართველ ავტორებს აკა მორჩილაძეს, ნინო ხარატიშვილს, ლაშა ბუღაძესა და ნანა ექვთიმიშვილს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa“ ყოველდღიურად უმასპინძლებენ.

პროექტის ფარგლებში ბაზრობის ტერიტორიაზე სხვადასხვა თემატურ დარბაზებში მოეწყობა სხვადასხვა შინაარსის ქართული სტენდები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული საგამომცემლო და სამეცნიერო პროგრამები, საბავშვო ლიტერატურა, ახალგაზრდა ილუსტრატორების გამოფენები, ინოვაციური პროექტები. მოეწყობა ტურიზმის ადმინისტრაციის, ღვინის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტოს სტენდები.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით.

ფრანკფურტის წამყვანი კულტურული ინსტიტუციები და სივრცეები უმასპინძლებენ 11 გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც არქეოლოგიური ხანის ექსპონატები, ასევე თანამედროვე ქართული ხელოვანების შემოქმედება, ფოტო გამოფენები. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამის ფარგლებში ბაზრობის კვირეულის დროს ფრანკფურტის ცნობილი საკონცერტო სივრცეები და ფესტივალები უმასპინძლებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს, მათ შორის ლიზა ბათიაშვილს, ბექა გოჩიაშვილს, ნიკოლოზ რაჭველს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, გორის ქალთა კამერულ გუნდს და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს.

ფრანკფურტის გერმანიის კინომუზეუმში კი ნაჩვენები იქნება 20-მდე ქართული ფილმი, როგორც ქართული კინოს კლასიკა, ასევე თანამედროვე ეპოქაში წარმოებული და საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებზე წარმატებული ქართული ფილმები. ფრანკფურტის, კარლსრუესა და მარბურგის წამყვან თეატრალურ სივრცეებში წარმოდგენილი იქნება ქართალური თეატრალური დასების 14 სპექტაკლი.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის კონცეფცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით მარკეტინგულმა კომპანიამ connect 2016 წელს შექმნა. კონცეფციის - ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters ტექსტის ავტორი თანამედროვე მწერალი აკა მორჩილაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის. ამ კონცეფციის იდეის მიხედვით ცენტრისა და JWT Metro-ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ცნობილი ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ანბანის 33 ასონიშნით აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ლიტერატურას.

თანაინვესტირების ფონდი სიღნაღში 4-ვარსკვლავიან სასტუმროს 2020 წელს გახსნის

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი, სასტუმრო აშენდება, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს შესანიშნავი ხედებით უმასპინძლებს.

 130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. აღნიშნული პროექტი 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია.

 ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში "საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი", რომლის მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. დღეის მდგომარეობით, "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ლიბერთი ბანკის და ნიუ ჰოსპიტალსის მიერ პენსიონერებისთვის შემუშავებული სოციალური პროგრამა რეგიონებშიც გრძელდება

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით, თბილისის მსგავსად, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები პენსიის მიმღები პირები სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით ისარგებლებენ.

ლიბერთი ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები, 2018 წლის ბოლომდე ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების კვლევების ჩატარებას ფასდაკლებით შეძლებენ.

„დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის 4200-მა მფლობელმა ისარგებლა.

„ლიბერთის“ 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ, დამატებითი უფასო კვლევა 1500 პაციენტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

„2018 წლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ წამოწყებული პროექტების გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების შემუშავებას. „ნიუ ჰოსპიტალსთან“ თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელების სკრინინგისა და მკურნალობის პროცესებში. „ჰოსპიტალი მზად არის უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს „ლიბერთის“ სოციალურ აქტივობას და კიდევ მრავალ პაციენტს მოემსახუროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში“, - აცხადებს რამიშვილი.