07:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

12 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველოს ეთმობა, - სავაჭრო დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მთავრობის მეთაურს ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ უმასპინძლა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავმოყრილნი არიან მსხვილი ინვესტორები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

"ეს იყო ძალიან კარგი საშუალება ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და იმ ამბიციური გეგმების შესახებ, რომლებიც გვაქვს, რათა საქართველო რეგიონულ ცენტრად ვაქციოთ. ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უახლოეს წლებში მეტი ქართული კომპანია ვიხილოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და, აქედან გამომდინარე, ასეთ პლატფორმებსა და მსგავს საფონდო ბირჟებზე ჩვენი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქართულ კომპანიებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.

"პატივი გვქონდა, გვემასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის, რომელმაც დილით ვაჭრობა გახსნა. დღე მწვანე ნიშნულით დაიწყო, რაც აქციების ფასის მატებაზე მეტყველებს. განსაკუთრებით გვახარებს საქართველოს მთავრობის მეთაურის სტუმრობა. ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაკავშირებს. მაგალითისათვის, სს "საქართველოს ბანკის" აქციები ჩვენი ბაზრის პრემიალურ სეგმენტშია. ძალიან კარგ და წარმატებულ სურათს ქმნის მისი ფასების დინამიკა. ჩვენთან ხდება პატარა ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობაც. მიმაჩნია, რომ ამ პარტნიორობით დავამტკიცეთ, რომ ლონდონში კონცენტრირებული გლობალური ბაზრები დაინტერესებულნი არიან და ახარებთ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოში არსებობს და მისი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს უკავშირდება. ეს არის 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის, დაბალი საგადასახადო განაკვეთების, ვალის დაბალი მაჩვენებლის, მაღალი პროფესიული ნიშნის მქონე მოსახლეობის და განახლებადი ენერგიის ძლიერი სეგმენტის მქონე ქვეყანა! აღფრთოვანებული ვართ საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან მუშაობით",- განაცხადა ნიხილ რათჰიმ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს კონფერენცია "საქართველო - ინვესტორთა დღე" იმართება. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საქართველოს მაკროეკონომიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 9 თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 22%-ით, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71%-ით არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 951 218 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.94%-ით (510 897 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 9 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 513 732 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 19.94% ით (85 418 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 38.73%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 450 417 მგზავრი - 125 740 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში;

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 2 618-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 18 837, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 689, ხოლო ჩარტერების 2 148. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.14%-ს შეადგენს.

8.18%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ცხრა თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 109 032, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 949 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სამ ავიაკომპანიას - “თურკისჰ Aირლინეს”-ს, “Gეორგიან Aირწაყს”-ს და “ჭიზზ Aირ”-ს თანაბარი 11%-იანი წილები აქვთ. სხვაობა სამი ავიაგამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ავიაკომპანია “თურკისჰ Aირლინეს” – 440 060 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია “Gეორგიან Aირწაყს” – 433 805 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია “ჭიზზ Aირ” – 425 991 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია “Uრალ Aირლინეს” – 219 245 მგზავრი 6%

ავიაკომპანია “Fლყ Dუბაი” – 203 073 მგზავრი 5%

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა, კონკურენციის პოლიტიკის წარმართვის პროცესში, სტატისტიკური მონაცემების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

„მემორანდუმის ფარგლებში საქსტატი კონკურენციის სააგენტოს უზრუნველყოფს, მისთვის საჭირო სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით. ასევე კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს, სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. საქსტატი იღებს ვალდებულებას, განიხილოს კონკურენციის სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევები და სააგენტოს მიერ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მოახდინოს მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა“ - განახცადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. 

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელშემწყობი პირობაა დროულად და ეფექტურად განხორციელდეს შეხვედრები და კონსულტაციები; მუდმივ რეჟიმში წარიმართოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურ დაცული ინფორმაციის, კვლევებისა და სხვა მონაცემების კონკურენციის სააგენტოსათვის მიწოდება; ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კონკურენციის სფეროში, ბევრი კარგი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება იქნება შესაძლებელი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ისე კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებს ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ მუშაობას“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა მემორანდუმის გაფორმებისას.