04:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

17 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

წლის ბოლოდან ავტობუსები უფასო WI-FI-ით აღიჭურვება

მიმდინარე წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება. 

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა, მიმდინარე წლის ფისკალური პარამეტრები, ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა და 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. 

ეს არის სსფ-ის მესამე შემფასებელი მისია. როგორც ცნობილია, საქართველომ წარმატებით დაასრულა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის პირველი და მეორე მიმოხილვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირა იმუშავებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 მლნ. ლარის ობლიგაციები გაიყიდა

2018 წლის 17 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 8.920 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.822 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.