03:44 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

18 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი - 4.5%-მდე.

იცვლება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსების წესი. გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადიდან წილის ნაცვლად, მათზე განაწილდება დამატებული ღირებულების გადასახადის 19%. საბოლოოდ, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლები იზრდება და ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტი აღარ იქნება მათი თანხების გამტარი. მომავალში, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალი ეკონომიკის ზრდის პარალელურად შეიცვლება.

მნიშვნელოვნად იცვლება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონი. 2019 წლის ბიუეჯეტის პროექტში ყველაზე გაუმართლებელი ცვლილება არის ბიუჯეტის ხარჯების მშპ-ს მიმართ 30%-იანი ზღვრის გაუქმება. ეს ნიშნავს, რომ „მთავრობის ზომის“ ზრდა კანონით აღარ იქნება შეზღუდული და შესაბამისად, მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში ნებისმიერ დონეზე შეიძლება გაიზარდოს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ახალი პრემიერ მინისტრი მცირე მთავრობის კონცეფციით მოვიდა და ამასთან, ხელისუფლების ყველა შტოს და ინსტიტუტს ერთი პოლიტიკური ძალა აკონტროლებს.

ბიუჯეტის დეფიციტის გაგება ფართოვდება, რაც კარგია, მაგრამ არასწორია, რომ ამავე დროს ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრის (მშპ-ს 3%) დარღვევის შესაძლებლობა მარტივდება. სახელმწიფო ვალის ნაცვლად მთავრობის ვალი შეიზღუდება, რაც უფრო ლოგიკურია.

ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 270 მლნ ლარით იზრდება. მნიშვნელოვნად იზრდება საპენსიო ხარჯი და კაპიტალური ხარჯები. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1 513 ადამიანით მცირდება, თუმცა შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2018 წელს.

იზრდება ჯანდაცვის და განათლების ხარჯები, თუმცა, ორივე შემთხვევაში პროგრამული ბიუჯეტირება გამართული არ არის და ხარჯვის ეფექტიანობის ზრდა დასახულ მიზანსაც კი არ წარმოადგენს.

ბიუჯეტიდან ამოღებულია საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა რაოდენობის და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია. ამავე დროს, მაუწყებლის დაფინანსება 6 მლნ ლარით იზრდება.

ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.7% იქნება. დეფიციტის დასაფარად მთავრობა 1 226 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებს, საიდანაც 500 მლნ ლარი საშინაო ვალი იქნება.

ბიუჯეტის პროგრამების სწორად შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები და ქვეპროგრამები, რადგან განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ზოგადი განათლების პროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია.

რეკომენდაციები

ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონიდან ბიუჯეტის ხარჯების შემზღუდველი ნორმის ამოღებისგან. ეს გააუარესებს საქართველოს ფისკალურ საიმედოობას.

ნათლად უნდა განიმარტოს, რა შემთხვევაში შეიძლება გადასცდეს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3%-ს და ეს უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს დაშვებული.

ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელებიდან და ლარის გაცვლითი კურსის საკმაოდ არაპროგნოზირებადი მომავლის გამო, უმჯობესია მთავრობამ უფრო დაბალ დონეზე დაგეგმოს ბიუჯეტის დეფიციტი და შესაბამისად, ნაკლები ახალი ვალი აიღოს.

ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას.

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომელიც დანართშია მოცემულია,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.

სრული კვლევა იხილეთ ლინკზე: https://transparency.ge/ge/blog/sakartvelos-2019-clis-saxelmcipo-biujetis-proektis-analizi-da-rekomendaciebi

სსე-ს დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სსე-ს თანამშრომლებს კომპანიის ახალი ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი წარუდგინა, ახალ მმართველს წარმატება უსურვა, ხოლო სულხან ზუმბურიძეს 11-წლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. დავით თვალაბეიშვილი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში, ასევე ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროექტების მენეჯერად, 2012 წლიდან კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში, კომპანიაში მასშტაბური პროექტები განხორციელდა.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 ოქტომბერს, საბანკო ზედამხედველობის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურის დელეგაცია ესტუმრა. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ასტანას ფინანსური სერვისების აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მუხტარ მუბეიევმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაცვლიან ინფორმაციას და ფინანსური ინსტიტუტების, კომერციული ბანკებისა და კაპიტალის ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრების ზედამხედველობის სფეროებში.