05:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

25 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

მამუკა ბახტაძე: მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით

მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან  ამოქმედდა უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის - გადასახადების შემცირება 1%-მდე,  რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას.  

„მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით. მოგეხსენებათ რომ ამ საკითხის ინიციატორი მე გახლდით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე და ეს შედეგი მართლაც არის უნიკალური და მინდა ობიექტურად აღვნიშნო, იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა ჩემს გათვლებში და პროგნოზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით,  საქართველოს და ქვეყნის ეკონომიკის წარმატება გადის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

„შესაბამისად, ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა.

შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა და შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ამასთან ერთად, აქტიური მეწარმეების რაოდენობა არის 70ათასზე მეტი და აქტიურად გრძელდება რეგისტრაციის პროცესი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეროვნულ ბანკში აუდიტის კომიტეტის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (IFC) და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, აუდიტის კომიტეტის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა აუდიტის კომიტეტის როლის, მისი უფლებამოსილების, ფუნქციების, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების წარმოჩენასა და ამ საკითხების კუთხით ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. მან აუდიტორიას გააცნო კაპიტალის ბაზრის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, სამომავლო გეგმები და ხაზი გაუსვა ამ სფეროს ეფექტურ განვითარებაში შიდა კონტროლის, რისკების მართვისა და აუდიტის კომიტეტის მნიშვნელობას, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას:

„მოგეხსენებათ, რომ კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისათვის შიდა კონტროლს და რისკების მართვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის კომიტეტის შექმნა კანონმდებლობით სავალდებულო გახდა საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირების, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისა და კომერციული ბანკებისთვის, ვინაიდან ასეთი კომიტეტი კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აუდიტის კომიტეტს, აქვე უნდა ითქვას, რომ კორპორაციული მართვის კოდექსი ადგენს უფრო მაღალ და ყოვლისმომცველ სტანდარტებს აუდიტის კომიტეტისთვის, სადაც უფრო დეტალურად არის მოცემული კომიტეტის ფუნქციები, როლები და პასუხისმგებლობები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აუდიტორული ზედამხედველობისა და საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის სტანდარტების მოთხოვნების მეშვეობით ინვესტორთა დაცვის უზრუნველყოფის საკითხები, საჯარო კომპანიების ბუღალტრული ზედამხედველობის საბჭოს (PCAOB) გამოცდილება და ამერიკული კომპანიების საუკეთესო პრაქტიკა.

არაი და სმაილი გაერთიანდა

ქართული ტექნიკის ბაზრის ორი ლიდერი - არაი და სმაილი გაერთიანდა, სმაილი, როგორც სამსუნგის, ინდეზიტის და პანასონიკის ოფიციალურიპარტნიორი, ხოლო არაი, როგორც ელჯისა და ელექტროლუქსის ექსკლუზიური დისტრიბუტორი, აერთიანებენ საცალო ქსელს არაი-სმაილის სახელით.

არაის და სმაილის გაერთიანება, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ საშუალებას მისცემთ ტექნიკა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზონ მომხმარებლს. არაი-სმაილი ხაზს უსვამს ტექნიკის და ბრენდების ფართო არჩევანს საკუთარ მაღაზიებში. მომსახურების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება კომპანიას საშუალებას აძლევს აქცენტი გააკეთოს მომსახურების მაღალ სტანდარტზე და გაუმჯობესებულ სერვისზე. არაი-სმაილმა უკვე აამოქმედა ახალი ვებ-პლატფორმა - araysmiley.ge, რომელზეც უკვე შესაძლებელია ტექნიკის შეძენა, მათ შორის განვადებით - როცა ტექნიკა გინდა!

არაი-სმაილის ახალი ქსელი მოიცავს 12 მაღაზიას საქართველოს მასშტაბით. გაერთიანების შედეგად, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს განსაკუთრებული ფასებით - LG-ის, სამსუნგის, პანასონიკის, ელექტროლუქსის, ინდეზიტის, ჰოტ-პოინტ არისტონის, სატურნის, ტომასის, ლიბჰერის, ჰუავეის და სხვა წამყვანი ბრენდების ტექნიკაზე.

შპს ამერიტექმა (არაი) და შპს სმაილმა (სმაილი) ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიმართეს კონკურენციის სააგენტოს და მიიღეს ნებართვა კონცენტრაციის შესახებ.