11:22 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

31 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

სსფ: “ეკონომიკის ზრდის ტემპი შერბილდა, თუმცა სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის დაჩქარებას ველოდებით“

მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის წინაწარი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლებელია, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. მისიის მიგნებების საფუძველზე შედგება ანგარიში, რომელიც ხელმძღვანელობის დასტურის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წარედგინება განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის.

 • სსფ-ს მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მესამე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. მისიის წინასწარი შედეგები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს 2018 წლის დეკემბერში წარედგინება.

• ეკონომიკის ზრდის ტემპი შერბილდა, თუმცა სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის დაჩქარებას ველოდებით. 

• ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. საპასუხოდ, მეტ მნიშვნელობას იძენს გაცვლითი კურსის მოქნილობა, ბუფერების/რეზერვების შევსებაზე მიმართული, გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გატარება და ჯანსაღი პოლიტიკა ფინანსურ სექტორში. 

ამა წლის 17-29 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო სსფ-ს მიერ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის მესამე მიმოხილვა. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ რეფორმების გეგმას მაღალი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად, ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შესამცირებლად. 

ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი: 

"პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. ეს წინასწარი შეთანხმება დასამტკიცებლად წარედგინება სსფ-ს აღამასრულებელ დირექტორთა საბჭოს ამა წლის დეკემბრის თვეში. მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 120 მილიონ ეს-დე-ერ-ს (დაახლოებით 166.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება. 

"რეფორმების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მესამე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო კრიტერიუმების უმრავლესობა შესრულებულია. 

"2018 წლის ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ეს ფაქტორები ბოლოხანს შერბილდა. შესაბამისად, ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი: 2018 წლისთვის - 5 პროცენტამდე (მანამდე არსებული 5.5 პროცენტიდან); ხოლო 2019 წლისთვის ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტის დონეზე განვსაზღვრეთ. ექსპორტის, ტურიზმის და საერთაშორისო გადმორიცხვების მაღალი ზრდის მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2018-2019 წლებში მცირედით მატულობს საწვავის ფასების ზრდის გამო. ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა დაკრედიტების ზრდა. 

"2018 წლის პირველ ნახევარში ფისკალური ბალანსი მოსალოდნელზე მაღალი იყო, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპთან დაკავშირებული მაღალი შემოსავლების და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაგვიანების გამო. მიმდინარე წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 2.3 პროცენტის დონეზეა ნავარაუდები. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების დაპირებას, რომ შენარჩუნდება ფისკალური დისციპლინა, ხელისუფლების რეფორმის პროგრამა განხორციელდება და საქართველოს ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. 

"მონეტარული პოლიტიკა შესაფერისია და მართებულადაა მიმართული ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. მოსალოდნელია, რომ 2018-2019 წლებში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს შენარჩუნდება. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დასაცავად საგარეო შოკებისგან. 

"ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ეს ძირითადად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, განვითარებად ბაზრებში არსებულ რყევებს, ქვეყანათაშორის ინტეგრაციისა და გლობალური ზრდის ტემპის შენელებას. ამასთან, ფინანსური სფეროს ახალი რეგულაციების გამო დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა დროებით შეამციროს. რისკების გათვალისწინებით აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება.

"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების განუხრელ გადაწყვეტილებას გააუმჯობესოს თავისი ფისკალური და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩო, გააძლიეროს საგადასახადო სამსახური, შეზღუდოს ფისკალური რისკები, და დახვეწოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კონტროლი.  

"ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული უნდა იყოს ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე. ფიზიკურ პირთა ჯანსაღი დაკრედიტების მიმართულებით შეთავაზებული რეგულაციის მიზნები მართებულია ჭარბი ვალის ტვირთისგან ფიზიკურ პირთა დასაცავად და ფინანსური სტაბილურობის რისკების შესამცირებლად. მაშინ, როცა მოსალოდნელია, რომ ამ რეგულაციის გრძელვადიანი ეფექტი პოზიტიური იქნება, ის უნდა ჩამოყალიბდეს და გაკონტროლდეს ყურადღებით, რათა მოსალოდნელზე მეტად არ შეანელოს დაკრედიტების ზრდა. სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის ზრდას. ამასთან, დოლარიზაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მიზანმიმართული და ბაზარზე ორიენტირებული პრუდენციული ღონისძიებებით, რომლებიც ითვალისწინებს არაჰეჯირებულ მსესხებლებზე უცხოური ვალუტით სესხის გაცემის რისკებს, და ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა დაცვის გზით.  

"ხელისუფლების რეფორმის განუხრელი შესრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. პრიორიტეტია განათლების სისტემის რეფორმა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. 

"სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის და მასპინძლობისთვის."

შემოსავლის მომტან უძრავ ქონებაში ინვესტიცია 10%-იანი წლიური უკუგებით - Colliers international Georgia-ს ახალი პროდუქტი

Colliers international Georgia ახალ საინვესტიციო პროდუქტს - გაქირავებულ უძრავ ქონებაში ინვესტიცირებას სთავაზობს მომხმარებელს. შემოსავლის მომტან ქონებაში თანხის დაბანდებით დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებსაც ინვესტირებისთანავე სურთ უკუგების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ პრემიუმ ლოკაციებზე მდებარე კომერციულ ან გრძელვადიანი საიჯარო კონტრაქტით გაქირავებულ საოფისე უძრავ ქონებაში დააბანდონ თანხა.

დღესდღეობით უძრავ ქონებაში, კონკრეტულად კი ოფისებში და კომერციულ ფართებში ინვესტირება, სხვა ალტერნატივებს შორის ყველაზე დაზღვეული და ურისკოა. ასეთი დასკვნის შესაძლებლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: უძრავ ქონებაზე სტაბილური მოთხოვნა, ფასების სტაბილური ზრდა და შესაბამისად უკუგების წლიდან წლამდე მატება.

უძრავ ქონებაში ინვესტიცია ფინანსების მართვის ერთ-ერთი მიმზიდველი ინსტრუმენტია. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიამ - Colliers International Georgia, შეისწავლა თბილისის კომერციული უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარი, რომელიც სავაჭრო და საოფისე ფართებზე უკუგების ანალიზს გულისხმობს.

კვლევამ აჩვენა, რომ A კლასის ბიზნეს ცენტრების საოფისე ფართებში წლიური უკუგება 11.7%-ია, ძირითად სავაჭრო ქუჩებზე განლაგებულ სავაჭრო ფართებში კი 9.2%. თბილისის კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ სტაბილურია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითად სავაჭრო ქუჩებზე მდებარე ფართების 91% დატვირთულია.

ფინანსების მართვის ერთ-ერთი ალტერნატიული ინსტრუმენტები დეპოზიტებია. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების შემთხვევაში, კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში საშუალოდ 2.6%-ია. კომპანია Colliers International Georgia, შემოსავლის მომტან ქონებაში ინვესტიციისას, მომხმარებელს 10%-იან შემოსავალს სთავაზობს, რაც საბანკო დეპოზიტებს თითქმის 4-ჯერ აღემატება.

“სფეისი“-ს განახლებულ ვერსიაში ყველა ცვლილება მომხმარებლების კომენტარების და მოთხოვნების გათვალისწინებით განხორციელდა

6 თვის წინ ქართულ საბანკო სივრცეში პირველი სრულიად ციფრული ბანკი სფეისი გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებლის ყურადღება სწრაფად მიიპყრო, - ამის შესახებ „სფეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რამდენიმე დღის წინ კი აპლიკაციის ახალი ვერსია გაეშვა, რომელშიც ცვლილებები მომხმარებლების რეკომენდაციებისა და კომენტარების გათვალისწინებით შევიდა.

ახალ ვერსიაში: აპლიკაციას დაემატა პასპორტით რეგისტრაციია - აქამდე რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ახალი პირადობის მოწმობით იყო შესაძლებელი;

ინდ. მეწარმეებზე მოიხსნა შეზღუდვა. მათ უკვე შეუძლიათ სფეისში დარეგისტრირება; სფეისს დაემატა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფუნქცია. მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებდა ნებისმიერ ბარათს შორის გადარიცხვის ფუნქციას, რომელიც 24 საათის მანძილზე კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. ახლა გადარიცხვა მომხმარებლებს უკვე საბანკო ანგარიშზეც შეუძლიათ; აპლიკაციას დაემატა ტრანზაქციების ისტორია და მომხმარებლის პროფილი; გამარტივდა ბარათის გააქტიურების პროცესი. თუკი აქამდე აუცილებელი იყო ბარათის ბანკომატში მოთავსება, ახლა მისი გაქტიურება აპლიკაციიდან პაროლის მოთხოვნისთანავეა შესაძლებელი; შეიცვალა და გამარტივდა სესხის აღების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სფეისის“ გუნდში ვცდილობთ, შევქმნათ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში ყველა ცვლილება განხორციელდა მათი კომენტარების და მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ სიახლესთან ერთად, ჩვენ ბეტა ვერსიის ეტაპი დავასრულეთ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ცვლილებებს ვგეგმავთ, რაშიც, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ყურადღებას მომხმარებლის სურვილებს და რეკომენდაციებს ვაქცევთ“, - ამბობს „სფეისის“ პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი სფეისი მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.

„სფეისით შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება: დისტანციურად ანგარიშის გახსნა; ბარათის შეკვეთა უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით; ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა; ბარათებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7; კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება და სხვა ტიპის გადახდები; მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით თანხის გადარიცხვა; ონლაინ სესხი რამდენიმე წუთში წინასწარ დამტკიცების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.