06:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

1 ნოე 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

მსოფლიო ბანკის "Doing Business 2019 " რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილზეა

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა - 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი - 83.28 ქულა აქვს. 

საქართველომ პირველად გადაასწრო რეიტინგის ისეთ ლიდერ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია (მე-7 ადგილი), აშშ (მე-8 ადგილი) და დიდი ბრიტანეთი (მე-9 ადგილი). მსოფლიო სხვა ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: მაკედონია (მე-10 ადგილი), ლიეტუვა (მე-14 ადგილი), ესტონეთი (მე-16 ადგილი), ლატვია (მე-19 ადგილი), კანადა (მე-22 ადგილი), ირლანდია (მე-23 ადგილი), გერმანია (მე-24 ადგილი), აზერბაიჯანი (25-ე ადგილი), რუსეთი (31-ე ადგილი), საფრანგეთი (32-ე ადგილი), პოლონეთი (33-ე ადგილი), ჩეხეთი (35-ე ადგილი), ნიდერლანდები (36-ე ადგილი), ბელორუსია (37-ე ადგილი), შვეიცარია (38-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), სომხეთი (41-ე ადგილი), სლოვაკეთი (42-ე ადგილი), თურქეთი (მე-43 ადგილი), მოლდოვა (47-ე ადგილი), სერბეთი (48-ე ადგილი), უკრაინა (71-ე ადგილი) და სხვა. 

საქართველომ პირველად შეძლო და ქვეყნის ქულები 10 ინდიკატორიდან გაუმჯობესდა 7 ინდიკატორში და მხოლოდ 3 ინდიკატორშია უცვლელი. ამასთან, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100  ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ დასახელდა, როგორც ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.

2003 წლიდან საქართველო ტოპ რეფორმატორია - ქვეყანაში განხორციელდა 50 რეფორმა როგორც ინსტიტუციური, ასევე მარეგულირებელი გარემოს დახვეწის კუთხით.

საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით - ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.

საქართველო 4 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება (მე-2 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-2 ადგილი), ქონების რეგისტრაცია (მე-4 ადგილი)  და კონტრაქტების აღსრულება  (მე-8 ადგილი). 

2019 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა (პოზიცია) 10 ინდიკატორიდან შემდეგ 4 ინდიკატორში გაუმჯობესდა:

ბიზნესის დაწყება (99.34 ქულა)  - გაუმჯობესდა  2 პოზიციით და მე-4 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადმოინაცვლა;

მშენებლობის ნებართვა (77.61 ქულა)  - გაუმჯობესდა  2 პოზიციით და 29-ე ადგილიდან 27-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

გადასახადების გადახდა (89.03 ქულა) - გაუმჯობესდა 6 პოზიციით და 22-ე ადგილიდან გადმოინაცვლა მე-16 ადგილზე;

ვაჭრობა საზღვრებს მიღმა (90.03 ქულა) - გაუმჯობესდა 19 პოზიციით და 62-ე ადგილიდან გადმოინაცვლა 43-ე ადგილზე.

საქართველოს რეიტინგი უცვლელია 3 ინდიკატორში:

ქონების რეგისტრაცია (92.86 ქულა) - საქართველო მე-4 ადგილზეა;

კრედიტის მიღება (85.00 ქულა) - მე-12 ადგილი; 

მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (81.67 ქულა) - მე-2 ადგილი.

მნიშვნელოვანი მიღწევები

უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ბანკის მიერ პოზიტიურად შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, გაუნაწილებელი მოგება გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან, რომელიც რეინვესტირების წყაროა. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მთლიანი საგადასახადო ტვირთის წილი მთლიან მოგებაში და ეს მაჩვენებელი 9,9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. მინიმალური საგადასახადო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია (ვანუატუ და ბრუნეი დარესალამ). ასევე, გადასახადების გადახდისთვის შემცირდა ბიზნესის დროის დანახარჯი, შესაბამისად, წელიწადში გადასახადების გადახდისთვის საჭირო დროის რაოდენობა 269-დან 220 საათამდე შემცირდა. შედეგად, გადასახადის გადახდის ინდიკატორში საქართველო მე-16 ადგილზეა.

უნდა აღინიშნოს ქვეყნის წარმატება ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ 1 პროცედურა და ჩვენი ქვეყნის ანალოგიურად, მსოფლიოში მხოლოდ ახალ ზელანდიაშია შესაძლებელი ერთი პროცედურით ბიზნესის დარეგისტრირება. ბიზნესისთვის დღგ-ს გადასახადის ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემამ საქართველო გასულ წელთან შედარებით ყველაზე მეტად დაუახლოვა საუკეთესო მაჩვენებელს. რეფორმამდე საჭირო იყო მეწარმეთა რამდენიმე ვიზიტი შემოსავლების სამსახურში, რათა კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ ისინი დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებულიყვნენ. საქართველომ ასევე გააფართოვა არსებული „ერთი ფანჯრის პრინციპი“ (one-stop shop) ბიზნესებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეების მიერ კომპანიის საქმიანობის დაწყებას ერთი პროცედურის მეშვეობით. აღნიშნული მაჩვენებელი აისახა რეგისტრაციის შემდგომი პროცედურების გაუმჯობესებაში, რაც ბიზნესის დაწყების სიმარტივეს გულისხმობს. შესაბამისად, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა 2-დან 1-მდე შემცირდა და ბიზნესის დაწყებაში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა. 

ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასება. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის. ამ მხრივ, აღსანიშნავია ექსპორტის დროს დოკუმენტების მომზადებისთვის საჭირო მინიმალური დრო და ნულოვანი დანახარჯი აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა სასაზღვრო მოთხოვნებთან დაკავშირებული დრო და დანახარჯები.

ხელშეკრულების აღსრულების გამარტივების მიმართულებით საქართველომ შემოიღო სასამართლო საქმეებზე მოსამართლეთა შემთხვევითი შერჩევის და ავტომატური დანიშვნის მექანიზმი. აღნიშნულმა გააუმჯობესა სასამართლო პროცესების ხარისხი და შედეგად, რეიტინგში სასამართლო პროცესების ხარისხის ინდექსში 18 ქულიან შკალაზე ქვეყნის ქულა 12.5-დან 13.0-მდე გაუმჯობესდა. 

საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგში. 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით 2019 წელსაც საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში (24 ქვეყანას შორის) კვლავ ლიდერ პოზიციაზე იმყოფება. რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში 10-დან 7 ინდიკატორში ტოპ სამეულში შედის. აქედან, საქართველო პირველ პოზიციაზე იმყოფება ბიზნესის დაწყების, ქონების რეგისტრაციის, გადასახადების გადახდის და კრედიტის მიღების ინდიკატორებში, მე-2 ადგილი უკავია მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის და კონტრაქტების აღსრულების  ინდიკატორებში, ხოლო მე-3 ადგილზეა მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში. 

2019 წლიდან 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპს "დამრგვალების მეთოდი" ჩაანაცვლებს

ფასის დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით

2019 წლის პირველი იანვრიდან, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი "დამრგვალების მეთოდით" შეიცვლება.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ ფასის დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების აუცილებლობას.

ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამოდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. ამ შემთხვევაში ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე

 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე

 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე

 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე

დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.

ცვლილებები ეხება აგრეთვე 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის საკითხსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე.

2021 წლის 1-ლი იანრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ. 

 2019 წლიდან ოქროსფერი 50-თეთრიანების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი

2019 წლის პირველი იანვრიდან, 1995 წლის მიმოქცევის 50 თეთრის ნომინალის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტების გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი. 

2018 წლის ბოლომდე აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში (მისამართი: საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი 0198).

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.

1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".