11:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

2 ნოე 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ოქტომბერში ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 პროცენტიანი ზრდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით, რაც 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (1,5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,6 პროცენტით, რაც 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1,2 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0,3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0,2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,5 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 6,1 პროცენტით, რაც 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (12,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (4,2 პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის შემწეობა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარადგინა ცვლილებები, რომლითაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შემწოება ხუთჯერ გაიზრდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 16 წლამდე ბავშვებზე გასაცემი შემწეობა 10 ლარია, ის 50 ლარამდე იზრდება. ბახტაძის თქმით, პარლამენტს ბიუჯეტის შესწორებული პროდქტი უახლოეს მომავალში გაეგზავნება, სადაც აღნიშნული ზრდა იქნება ასახული. პრემიერის თქმით ცვლილება UNICEF-ის რეკომენდაციას უკავშირდება, ხოლო მისი საბიუჯეტო ეფექტის შესახებ მთავრობას სავალუტო ფონდთან კონსულტაციები უკვე ჰქონდა. 

"მინდა დავიწყო მნიშველოვანი ამბით. ჩვენ ამის შესახებ საუბარი გქვინდა გაზაფხულზეც, მათ შორის მაშიცნაც როდესაც UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა. ჩვენი გუნდის პრიორიტეტი იყო არის და იქნება ადამიანი. ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა სოციალური პოლიტიკის მიმართულებებით უდიდესი ცვლილებები დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, გაიზარდა პენსიები. 

დღეს საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრია ისეთო ბავშვი, რომელსაც ზრუნვა სჭირდება. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ბავშთა დაცვის სისტემა არის შესაცვლელი. UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები და ოჯახები მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას 50 ლარამდე ავწევთ ჩვენ ამ სოციალურ დახმარებას. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მხრივ მუშაობას, რათა მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები,"- ამბობს ბახტაძე.

პრემიერმინისტრის თქმით, ცვლილება 140,000 სოციალურად დაუცველ ბავშვს შეეხება.

ტურისტული ბიზნეს ტრენინგი „მასპინძელი“ საქართველოს ყველა რეგიონში

ტურისტული ბიზნეს ტრენინგი „მასპინძელი“ უკვე ერთი თვეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება.

კრედო ბანკის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე დარგის ექსპერტები და პროფესიონალი ტრენერები მონაწილეებს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ტურიზმის განვითარებისა და შესაძლებლობების შესახებ. ტრენინგს უძღვება ინგა მუმლაძე და ნიკა ჩუბინიძე, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მასპინძლობის ინდუსტრიაში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე.

„მასპინძელი“ უკვე ჩატარდა ბორჯომ-ბაკურიანში, ყაზბეგში, მესტიაში და ახალციხეში. ამჯერად კი ჩატარება თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში და სიღნაღში არის დაგეგმილი. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს აღნიშნული სფერო, საკუთარი ტურისტული ბიზნესის შექმნას ცდილობს ან უკვე აქვს და განვითარება სურს.

პროექტზე რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კრედო ბანკს ცხელ ხაზზე 032 2424242 ან ეწვიონ ბანკის Facebook გვერდს და ონლაინ გაიარონ რეგისტრაცია. რაც მთავარია, ტრენინგზე დასწრება არის სრულიად უფასო!

ტრენინგი გრძელდება 1 სრული დღის განმავლობაში, მისი ჩატარების განრიგი კი შემდეგია: 2 ნოემბერი, 3 ნოემბერი; ქუთაისი 6 ნოემბერი; წყალტუბო 7 ნოემბერი; თელავი 12 ნოემბერი, 13 ნოემბერი; სიღნაღი 14 ნოემბერი.

კრედო ბანკისთვის პრიორიტეტულია ტურისტული ბაზრის განვითარებასა და სტაბილურობაზე ზრუნვა, ტრენინგი “მასპინძელი“ ამის ნამდვილი დასტურია. ბანკი აღნიშნულ ტრენინგის ევროპული ფონდი EFSE-ს თანადგომით უწევს ორგანიზებას.

ტურისტული ბიზნეს ტრენინგი „მასპინძელი“ 2019 წელსაც გაგრძელდება, ორგანიზატორების გეგმაა საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარონ აღნიშნული ტრენინგი.