11:04 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

12 ნოე 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

გიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს, მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება და მან პირადად გახსნა აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ესწრებოდა.

მსოფლიო ლიდერები მშვიდობის ფორუმზე ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო სამსჯელოდ შეიკრიბნენ, ისინი განიხილავენ: მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან,  გარემოს დაცვასთან, განვითარებასთან, ციფრულ და ახალ ტექნოლოგიებთან, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

Check in Georgia-ს პროგრამაში ცვლილებები განხორციელდება

Check in Georgia-ს პროგრამა რა ფორმითაც იყო, იმ ფორმით აღარ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, Check in Geogia-ს ბევრი მიმართულება არასწორად, არაეფექტურად იყო გამოყენებული. როგორც ქობულია აღნიშნავს, უფრო ინტენსიურად მოხდება black sea arena-ს გამოყენება.

„ჩვენ რადიკალური გადახედვა მოვახდინეთ ამ პროგრამის. გადავწყვიტეთ, რომ ინტენსიურად გამოვიყენოთ black sea arena, რადგან ამ ადგილში ძალიან დიდი თანხაა ჩადებული. ისე გამოვიდა, რომ სახელმწიფომ პრაქტიკულად უფასოდ მიიღო ეს დიდი აქტივი და ამ აქტივის გამოყენება იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დარჩება ამ პროგრამის ფარგლებში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანხებს, რომელიც იყო გამოყენებული, უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ სხვა სფეროებში",- განაცხადა ქობულიამ.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში ცვლილებები შედის

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების  მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:

ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

უცხოური ენების გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;

შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

ლიტერატურის გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70  და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც - 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

გეოგრაფიის გამოცდა:

ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე; 

შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;

ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.