06:39 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

13 ნოე 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 24.5%-ით, იმპორტი 19.2%-ით გაიზარდა

„საქსტატი“-ს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 751.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მლნ. აშშ დოლარი (19.2 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 804.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა.

ავიაკომპანია Air France საქართველოს ბაზარზე შემოდის

ავიაკომპანია Air France   საქართველოს ბაზარზე შემოდის. 

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი ტავ ჯორჯიას ცნობით, მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიასთან უკვე ბოლო ეტაპზეა.

Air France   თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების   სავარაუდოდ,  2019 წლის აპრილიდან დაიწყებს.

დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.

თბილისის მერი კახა კალაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა და დედაქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების  განხორციელებაში თანამშრომლობა შესთავაზა.

კახა კალაძემ შეხვედრაზე მერიის ინიციატივით დაგეგმილ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ბანკების წარმომადგენლებმა თავის მხრივ, მერიის პროექტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და ეკოლოგიური გამოწვევების წინააღმდეგ თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ პროექტებში კომერციული ბანკების ჩართულობა და ეკოლოგიური პრობლემების დასაძლევად ერთობლივად მუშაობა ეფექტიანი იქნება.  

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ქალაქის მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გვქონდა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ. ამ მიმართულებით, დედაქალაქის მერია მთელი რიგი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, სამშენებლო სექტორში შესაბამისი რეგულაციები. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სატრანსპორტო პოლიტიკაა. 2019 წლის ბოლოსთვის არსებულ ავტოპარკს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით მთლიანად ჩავანაცვლებთ, რომლებიც ელექტრო, გაზზე და დიზელზე მომუშავე - ევრო 6 ძრავით იქნება. 2020 წლიდან დამატებით, 200 ერთეული, 18-მეტრიანი ელექტროავტობუსის შემოყვანას ვაპირებთ. პრობლემებთან ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა კი მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიმართულებით, ბანკების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა არსებობს.

„ბანკების წარმომადგენლები მიესალმებიან ჩვენს პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს - გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ დედაქალაქში სხვადასხვა პროექტს განახორციელებენ. მათი მხრიდან მოვისმინეთ, რომ ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ტიპის მანქანებით ბანკების ავტოპარკის სრულად ჩანაცვლებას გეგმავენ. ისინი ამ მიმართულებით თანამშრომლებსაც წაახალისებენ. მერიის მხრიდან იმოქმედებს გარკვეული შეღავათები - ქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილებისთვის პარკინგი უფასო იქნება. ასევე, დავამონტაჟებთ დამტენებს. ყველა ამ ღონისძიების განხორციელება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეტაპობრივად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებთ, მათთვის მწვანე პოლიტიკის პრიორიტეტულობას ის საერთო გადაწყვეტილება ადასტურებს, რომლის თანახმადაც,  ბანკების ავტოპარკი, უახლოეს მომავალში, ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული მანქანებით  სრულად ჩანაცვლდება და ისინი ამ მიმართულებით, თანამშრომლებსაც წაახალისებენ.

კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრნენ.