18:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

14 ნოე 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

2018 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 10.2%-ით გაიზარდა

2018 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.2 მილიონი შემოსვლა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 41.2 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით არის გაზრდილი.

2018 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 12.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 69.4 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 25 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2018 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 495.3 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 20.1 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (22 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 45.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 45.3 პროცენტს შეადგენდა.

2018 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 50.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 1,290.3 ათასი და 1,076.3 ათასი ვიზიტი.

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.9 ღამე შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.2 ღამე) 6.3 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 67 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 36.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა და 1,179 ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგტაციების აუქციონზე 40 მლნ. ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2018 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 770 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.190 პროცენტით, მაქსიმალური 7.230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.214 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ოქტომბერში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 99%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99%-ით მეტია (2017 წელი - 419 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა საერთაშორისო ვიზიტორები იყვნენ.

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ნოემბრის თვის განრიგით, მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი მესტიის მიმართულებით და პირიქით ფრენები ნოემბერში კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს სრულდება. ნატახტარი-მესტიის ერთი გზის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის -63 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

რაც შეეხება ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ბილეთის ფასს, ზრდასრულებისთვის ის 50 ლარია, 3-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.