კვირის გრაფიკი
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
„წელს საქართველო ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპოზიტორის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის უდიდესი მონაპოვარია. ფალიაშვილმა ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში. მის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჰიმნის მუსიკა შექმნილია ზაქარია ფალიაშვილის ოპერების „აბესალომ და ეთერის“ და „დაისის“ მიხედვით, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის მიერ.