16:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Greenpeace-ის აქტივისტები ატომურ ელექტროსადგურში შეიჭრნენ და ფეიერვერკი გაუშვეს
”თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს ახალ ავტოსადაზღვევო პროდუქტს D1 სთავაზობს

სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე - სრული ტექსტი

 

ბატონო პრეზიდენტო, 

 

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

 

ბატონო თავდაცვის მინისტრო, 

 

პატივცემულო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ,

 

მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო მინისტრებო, გენერლებო, საქართველოს მეგობრებო!

 

ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი მონაწილეობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამდენი სტუმარი ჩამოვიდა საქართველოს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რათა იმსჯელოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი რეგიონი და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი, უფრო უსაფრთხო.

 

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მეგობარს, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება, მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვერდში გვიდგახართ სახელმწიფოს აღმშენებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.

 

ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ  მშვიდობა და უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ მდგრად და სტაბილურ განვითარებას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში.

 

მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ ,,რბილ" თუ ,,ხისტ" გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ,  ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც, მშვიდობისა და სტაბილურობის  შენარჩუნება ჩვენგან  კიდევ მეტ ძალისხმევას საჭიროებს.

 

ამიტომ, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები. 

 

მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი უსაფრთხოების კონფერენცია, იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორმატად, სადაც ასეთი მსჯელობა შეიძლება წარიმართოს.

 

მსურს მოკლედ გაგიზიაროთ ჩვენი მთავრობის ხედვა და ქმედებები ამ გამოწვევების წინაშე გასამკლავებლად. 

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა: 

 

- ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით;

 

- განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში;

 

- მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე;

 

- ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა,  გამოხატული, როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებრივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი.

 

მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

 

ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ შერიგების პოლიტიკას და მზად ვართ, მაქსიმალურად გავუზიაროთ პროგრესი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. 

 

პროგრესი კი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ხელშესახები აქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო ასპარეზზე, რაც აძლიერებს საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონის მასშტაბით და აძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

 

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, ის ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ზემომოხსენებული მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, პირველ რიგში, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

 

ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები პირველ რიგში უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებშიი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 3-წლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ 3-წლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით. 

 

ჩვენ განსაკუთრებული პროგრესი გვაქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების - მედიათავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოს - გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა. მედიათავისუფლების კუთხით, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 37 პოზიციით გავიუმჯობესეთ საერთაშორისო პოზიცია, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ორგანიზაციის შეფასების შესაბამისად. "ჰერიტიჯის ფონდის" კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს პოზიციები, 2012 წელთან შედარებით, 38 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით. 

 

ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით, არის ჩვენი ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს.

 

დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის სისტემის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის პროცესს, და ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმასთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ჯარის რეფორმა. უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა გასული წლის მანძილზე და ასევე, დაიგეგმა მომავალ წლებში პარტნიორებთან ერთად განსახორციელებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გახდის მეტად დაცულს.

 

ამასთან, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და ვიყენებთ ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის. ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიისა და ამასთან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად. 

 

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირს მივმართეთ ინიციატივით, დაგვეწყო სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე და მისასალმებელია, რომ გუშინ გაიმართა აღნიშნული დიალოგის პირველი შეხვედრა. საქართველო მნიშვნელოვან  ადგილს  იკავებს ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში, რაც აღნიშნულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში და გამოხატულია ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, ჩვენი  მონაწილეობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. თუმცა, ჩვენ თანამშრომლობის და ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება ჩვენი დიალოგი. სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რითაც ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან. ეს დიალოგი შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები,  რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება თუ სხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება გვაქვს 41 პოზიციით.

 

დიალოგის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის მშვიდობიანი გადაჭრის გზები და ევროკავშირის ჩართულობა იქნება აქტიურად განხილული.

 

პატივცემულო სტუმრებო,

 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოკლედ გაგიზიაროთ ასევე, ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, რადგან ჩემს მიერ თავში დასახელებული პრობლემები ვერ გადაიჭრება, თუ არ იქნა მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა. 

 

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა თითქმის ყველა რეიტინგში ეკონომიკური მიმართულებით. მაგალითისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ  Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა.

 

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. 

 

საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და ამავე დროს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი - ვაშენებთ ეფექტიან სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა", წელს სრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, დავიწყეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. 

 

საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით. 

 

და რაც მთავარია, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სწრაფი განვითარება. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ უკვე, ერთ წელიწადში შევძელით არა მარტო რეგიონული შოკის წარმატებით გადალახვა, არამედ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენი რეფორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების პროგრამის განხორციელება შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა მაჩვენებელი გადაჭარბებით არის შესრულებული, ეკონომიკა გაიზარდა დაგეგმილზე უფრო სწრაფად, სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, და რომ მთავრობის რეფორმები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ დინამიკას მომავალში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებს არა მარტო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, ასევე - კერძო სარეიტინგო კომპანიებიც, რისი დასტურიცაა "მუდისის" მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი საქართველოსთვის Ba3-დან Ba2-მდე.

 

რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამ წარმატებების შესახებ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში იმყოფება საქართველოს უამრავი მეგობარი და მე მინდა, რომ ყველა მეგობარმა იგრძნოს თავი ამ წარმატების თანამონაწილედ. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიტიური განვითარების ტრაექტორიის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგის შედეგად, ჩვენი მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების განვითარებისთვის.

 

მინდა, წარმატება გისურვოთ, წარმატება ვუსურვო ფორუმს და გამოვთქვა იმედი, რომ ხვალ იქნება უკეთესი ამინდი, ყველა თქვენგანი დარჩება ბათუმში დღევანდელი დღის მიღმა და ისიამოვნებს ამ უმშვენიერესი ქალაქის მზიანი ამინდითაც.

 

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.