10:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გერმანიას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრობა სურს
მამუკა ბახტაძე 2018 წელს აჯამებს: ჩვენ გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით

სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2018 წელი შეაჯამა

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2018 წელი შეაჯამა. მან ყურადღება გაამახვილა ყველა ძირითად რეფორმასა და შედეგზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო 2018 წელს:

 

2018 წლის შეჯამება ჩვენთვის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, რადგან ერთი წელი უსრულდება ახალ, გაერთიანებულ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.  ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით ადეკვატური ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება და გარემოსდაცვითი პრიორიტეტების კიდევ უფრო გაძლიერება.

 

2018 წლის მნიშვნელოვანი შედეგია განახლებული გარემოსდაცვითი ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება, სადაც გარემოსდაცვითი ყველა პრიორიტეტია ასახული. ეს არის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე, ის პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყანას აქვს.

შესაბამისად, ჩვენ დავგეგმეთ და 2018 წელს შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტები, ძირითადი საკანონმდებლო პროექტები, რომლებიც უკავშირდება ძირითად მიმართულებებს - გვაქვს ახალი კანონპროექტი წყალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი რეგულაციები ჰაერთან და ნიადაგთან დაკავშირებით, ასევე გვაქვს ახალი კანონპროექტები ბიომრავალფეროვნების შესახებ და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

ჩვენ გაქვს მნიშვნელოვანი შედეგები აღსრულების ნაწილშიც. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შექმნა პირველი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ლაბორატორია, რომელიც ჰაერის, ნიადაგის, წყლის ნიმუშების უმაღლეს დონეზე შემოწმების საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით  ჰაერის კონტროლის მიმართულებით, მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო განვითარდა, რაც აქტუალური საკითხი ყველა ჩვენგანისთვის.

 

საქართველოში პირველად შევიძინეთ მობილური სადგური, რომლითაც ჩვენ ჰაერის მონიტორინგის საშუალება გვეძლევა; შედეგად, ჩვენ უკვე მყისიერად გვაქს  ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ. მომავალი წლიდან ამოქმედდება ჰაერის მონიტორინგის პორტალი. 

 

მწვანე ეკონომიკა

 

მწვანე ეკონომიკა პრემიერ-მინისტრის მიერ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა - ქვეყანაში ეკოპოლიტიკა პირველად იძენს ასეთ დიდ მნიშვნელობას.

 

ზოგადად ეკონომიკის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, შემდგომი განვითარება მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურობის პრინციპს ეფუძნება.

 

ჩვენი მთავარი პრიორიტეტები სოფლის განვითარების მიმართულებით, სრულ თანხვედრაში იქნება ევროპულ მიდგომებთან. ეს არის  ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის - დავძლიოთ სიღარიბე, განვითარება იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის; ამ კუთხით, ჩვენი სამინისტროს როლი არის, რომ სოფლად ცხოვრების დონე დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრების დონეს. სწორედ ამიტომ სამინისტრომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები დაამატა.  2018 წელს, ჩვენი დანიელი მეგობრების მხარდაჭერით, დავიწყეთ მნიშვნელოვანი და ძალიან პოპულარული ახალგაზრდა ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა. 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო

 

2018 წლებში, თბილისში სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყო ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევა; 44 ლოკაციაზე,  მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. მიმდინარე წელს ამოქმედდა საქართველოს მასშტაბით პირველი ჰაერის ხარისხის ავტომატური მობილური სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ჰაერის ხარისხის შემოწმება.

 

2018 წელს გაიხსნა ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ანალიზის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია.  

 

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას აუზში, დამონტაჟდა მდინარის დონეების მზომი და ნალექ მზომი მოწყობილობები. იწყება „მწვანე კლიმატის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნასა და სტიქიური რისკების შეფასებას.

 

მიმდინარეობს მეტეოროლოგიური რადარის განთავსების მიმართულებით  მოსამზადებელი  სამუშაოები ქ. ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეტეოროლოგიური რადარის განთავსება საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზირება და სტიქიური პროცესების შესახებ გაფრთხილებები უფრო მაღალი სიზუსტით გავცეთ. 

 

2018 წელს, პირველად  შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა და თევზის რესურსების შეფასება განხორციელდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს, ექსპედიციის ფარგლებში, შესაძლებლობა  ჰქონდათ მიეღოთ გამოცდილება თურქი ექსპერტებისგან და გაცნობოდნენ უახლესი, თანამედროვე  მოწყობილობებით მუშაობის პროცესს. ჩატარებული კვლევები მიზნად ისახავს შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას. 

 

ამავდროულად, მსგავსი ტიპის მოწყობილობები მიმდინარე წლის ბოლოს შეძენილ იქნა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. სპეციალისტები,  მიღებული გამოცდილების  საფუძველზე,  უკვე სრულიად ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი -  ეკოსაუნდერით განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს სპეციალისტებს, მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები, ხოლო მაღალი სიზუსტით დათვლილი მარაგები, საშუალებას მისცემს ქვეყანას  უფრო მეტი შემოსავლები მიიღოს მეთევზეობის დარგიდან.

 

ელექტრონული სისტემების განვითარების მიმართულებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი. სააგენტო 2019  წელს სრულიად ახლებულ გეგმებს წარადგენს.

 

 „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“

 

სახელმწიფო პროექტის  „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში,   1 მილიარდ 240 მილიონ ლარის და 247 მილიონი დოლარის 32,600-ზე მეტი სესხი გაიცა როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებებისათვის. შედეგად, ამოქმედდა 185 ახალი და გადაიარაღდა 880 საწარმო. ძირითადი მიმართულებებია მესაქონლეობა, მემცენარეობა, მეხილეობა.  

 

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გაშენებულია 5,600 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 30 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტის ამოქმედებით, ამორტიზებული ბაღები განახლდა.

 

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა, ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში.

 

2018 წელს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ინიციატივა მექანიზაციის დაფინანსების კუთხით; საქართველოში პირველად გახდა შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია აგროკრედიტის თუ აგროლიზინგის, იაფი, შეღავათიანი სესხების საშუალებით რომ დაფინანსდეს. ამ მიმართულებით ფერმერებისთვის  საგრანტო დახმარებები მომავალშიც იქნება.

 

პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“

 

ჩვენი სოფლის განვითარებისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ახალგაზრდა თაობას  მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი  დამკვიდრდნენ სოფლად დასაქმდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“, რომლის ფარგლებში, ახალგაზრდებს საკუთარი სტარტაპის ღირებულების 40% მთავრობისგან გრანტის სახით გადაეცემათ.  პროექტი 2018 წელს დაიწყო და უკვე 100-ზე მეტ ახალგაზრდასთან  გაფორმდა შეთანხმება.

 

აგროდაზღვევა


სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და  ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ. 

 

2014 წლიდან, ყოველწლიურად, საშუალოდ, მოსავალი 15 000 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე ეზღვევა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, ფერმერებს 29 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურდათ. 

 

ქართული ღვინო

 

2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. დარგში არსებულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა შესაძლებლობა გააჩინა, რომ 2018 წლის რთვლის პერიოდში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. ყურძნის ფასის დადგენა სრულ საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა. აღნიშნული პროგრესი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ფინანსური და მარკეტინგული პროგრამების შედეგია.

 

2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 292 კომპანიის მიერ  245 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 312 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან, კახეთის რეგიონში 288 მლნ ლარის ღირებულების  235 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კი, გადამუშავებული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის რაოდენობამ 1492 ტონა შეადგინა. ამ და სხვა ჯიშის (ჯამში 2 700 ტონა)  ყურძნის  რეალიზაციის შედეგად, რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის შემოსავალმა 15 მილიონ ლარს მიაღწია. (ცნობისათვის, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 52 ათასი ტონა).

 

ღვინის ექსპორტი

 

2018 წელი საქართველოსთვის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის კუთხით რეკორდულია და, დაახლოებით,  მილიარდ ლარს მიუახლოვდა, თუმცა საბოლოო მონაცემები იანვრის თვეში დაზუსტდება. 

 

ეს არის საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტი უპრეცედენტო მონაცემები. მნიშვნელოვანი წილი ტრადიციულ დარგებს უკავია - როგორიც არის მეღვინეობა. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარის ექსპორტი მოდის, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართვლოდან ღვინის ექსპორტი და ეს არის წინაპირობა, რის გამოც ასე წარმატებით ჩატარდა 2018 წლის რთველი. ეს იყო რეკორდული რაოდენობით. ინდუსტრიულად 200 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.  მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ  კეთილდღეობის სახით300 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 

 

2018 წლის დასასრულისთვის, ღვინის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლს შეადგენს. 

 

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ია. მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს.

 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19% შეადგინა. (ცნობისათვის, 2012 წელს საქართველოდან 23 მლნ ბოთლი იყო ექსპორტირებული. 2013 წელს - 46,7 მლნ, 2014 წელს - 60 მლნ, 2015 წელს - 36 მლნ, 2016 წელს - 50 მლნ-მდე).

 

2013-2018 წლებში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციასა და ღონისძიებაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, იაპონიაში, აშშ-ში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა. მოეწყო 100-ზე მეტი ღვინის ტური მედიისა და ღვინის პროფესიონალებისთვის. მიმდინარე წელს,  ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ღვინის გამოფენასა და ფორუმზე. ქართული ღვინის კომპანიები მსოფლიოს 13 ქვეყანაში,  მონაწილეობდნენ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 26 გამოფენაში, მოეწყო ქართული ღვინის 160-მდე დეგუსტაცია- პრეზენტაცია; მოეწყო 13 ღვინის ტური მედიისა და ღვინის პროფესიონალებისთვის.

 

2018 მნიშვნელოვანი იყო ახალი ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის კუთხით.

 

„საქართველო - ღვინის აკვანი“

 

2017 წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Early „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ. კვლევა მიმდინარეობდა პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული მეცნიერული დასკვნა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა - სტატიები დაიბეჭდა ყველა წამყვან საინფორმაციო თუ მეცნიერულ გამოცემაში (The New York Times, BBC, CNN, The Guardian, National Geographic, Washingtonpost და ა.შ.). 

 

2018 წელს, პროექტის ფარგლებში, გაგრძელდა ნეოლითის ხანის და შემდგომი პერიოდის უძველესი ნაშთების შესწავლა, ქართული ვაზის ჯიშების  და ველური ვაზის მრავალფეროვნების კვლევა, ქვევრის და მისი თიხის სისტემატიზაცია და კვლევა, შემუშავდა საქართველოს მევენახეობის რეგიონების კლიმატური თავისებურებების დახასიათება. ასევე, ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში, სამეცნიერო ჟურნალში „PNAS“ გამოქვეყნდა პროექტის ერთობლივი პუბლიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ღვინის ნაშთების აღმოჩენის შესახებ.

 

ვენახების კადასტრი და  ხარისხის კონტროლი

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2014 წლიდან, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროგრამას - ვენახების კადასტრის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

 

პროექტი 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყო, 2015 ყვარელში,  2016 თელავში, 2017 - ახმეტის და 2018 წელს - გურჯაანის მუნიციპალიტეტში. 2018 წელს აღიწერა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვენახების ნაწილი: 12 355 სავენახე ნაკვეთი - 4 657,69 ჰექტარი. აღწერილი ტერიტორია მოიცავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგ ზონებს: მუკუზანი, ახაშენი და ვაზისუბანი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკადასტრო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.

 

დაინერგა აღრიცხვის, რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ელექტრონული სისტემები. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“. 

 

2018 წელს გაგრძელდა მუშაობა დარგის საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების განახლებაზე. დარეგისტრირდა ახალი დაცული ადგილწარმოშობის დასახელება „ხაშმის საფერავი“. მიმდინარეობს მუშაობა სხვა დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციაზე, როგორებიცაა „ბოლნისი“, „მაღრანის ქისი“, „ახმეტის მწვანე“; მუშაობა მიმდინარეობს არსებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების სპეციფიკაციების განახლებაზე.

 

ტყე

 

სატყეო სააგენტომ გააგრძელა პილოტირება იმ პროექტების, რომლებიც წინა წლებში დაიწყო. სააგენტო იბრუნებს სამეურნეო ფუნქციას. 2018 წელს ტყით სარგებლობის რეგულაციებში შევიდა  მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის შესაბამისად, სოციალური მიზნით მაღალი ხარისხის მერქნის გამოყენება აიკრძალა. ეს გვაძლევს  საშუალებას, რომ სატყეო სააგენტომ გადადგას პირველი ნაბიჯები  ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. ამას  სჭირდება ფუნდამენტური,  მყარი საკანონმდებლო საფუძველი. 2019 წელს,  ახალი  კოდექსის მიღებით, ქვეყანას  ექნება  ახალი საკანონმდებლო სივრცე; თუმცა, უკვე არსებული რეგულაციებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. ტყის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 2019 წლიდან საქართველოში იარსებებს სპეციალიზებული ტყის პატრულირების დეპარტამენტი. ეს იქნება სპეციალიზებული სტრუქტურა, რომ ჩვენ უკეთესად გავაკონტროლოთ საქართველოს ტყეები, დავიცვათ ის სიმდიდრეები, რომელიც გვაქვს; მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი მართვის პრინციპით, გამოვიყენოთ ის ბუნებრივი რესურსები, რომელსაც საქართველოს ტყეები გვაძლევს.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტყის აღდგენითი ღონისძიებები წარმატებით ხორციელდება. 2018 წლის შემოდგომაზე, ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოები დაიწყო. სეზონზე ტყის აღდგენა 144 ჰა ფართობზე განხორციელდა. ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას  250 ჰა ფართობი ექვემდებარება. ღონისძიებები გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ დამწვარი ფართობების სრულ რეაბილიტაციას შევძლებთ.  

 

დაცული ტერიტორიები

 

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ (1 088 157 ვიზიტორი), 2017 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით, 15% -ით მოიმატა.

 

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდის მიმართულებით. მომზადებულია კანონპროექტი არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნისა და გურიის მხარეში პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტის მიერ, პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 69 518 ჰექტრით გაიზრდება. აღნიშნული კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაცია და, შედეგად, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება. კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ასევე მოხდება ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის ეროვნული პარკი და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თერობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების კანონში ასახვა.

 

მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბრენდინგი. შეიქმნა ეროვნული პარკების ახალი ბრენდპლატფორმა იმისათვის, რომ ვიზიტორთან რაოდენობა გავზარდოთ. 2018 წელს ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 25 %-ით გაიზარდა. 

 

მელიორაცია

 

2018 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში,  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის   33 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. შედეგად, ირიგაცია ხორციელდება 6 600  ჰექტარზე; დაშრობის სამუშაოები 1000  ჰექტარზე ჩატარდა.

 

რეაბილიტაციის/ექსპლუატაციის ფარგლებში, 2018 წელს  გაიწმინდა და მოწესრიგდა 1883 კმ სამელიორაციო არხი. შეკეთდა 1 სათავე ნაგებობა, 2 სატუმბი სადგური, 2009 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

 

2018 წელს (მარტი-სექტემბერი)  შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქალაქ ფოთში მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის კაპიტალური რეკონსტრუქცია განახორციელა. მწყობრში მოყვანილი ნაგებობა ატარებს წყლის მაქსიმალურ რაოდენობას და ქ.ფოთისა და ქ.ხობის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფართობებს იცავს დატბორვისგან. 

 

2012 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 249 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. 

 

დღეისათვის, წყალუზრუნველყოფილია 127 000 ჰექტარი  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, დრენირებული მიწის ფართობი კი,   37 900 ჰექტარს შეადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...