13:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჰენრიკ ჰოლოლეი: ასობით ათასი ევროპელი ჩამოდის საქართველოში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას
6 საუკეთესო სმარტფონი, რომელიც გასული წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიაფდა

სიახლეები

არის თუ არა საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა? - ზაზა ფირალიშვილის მოსაზრება

 

როგორც მოგეხსენებათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო სახით ზოგადი უნარების გამოცდა აღარ ჩაბარდება.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო, ზოგს ეს პოზიტიურ სიახლედ მიაჩნია, ზოგს კი პირიქით.

 

სწორედ ამ თემას ეხება ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის პოსტი, რომელსაც ის facebook-ზე აქვეყნებს:

 

"გამოცდებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ჯერ ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებით. ამ გამოცდის მიზანია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) არა რაიმე ცოდნის შემოწმება, არამედ იმის გარკვევა, თუ რამდენად აქვს აბიტურიენტს უელემენტარულესი მათემატიკური განათლება და ალღო, შეუძლია თუ არა მარტივი ლოგიკური ოპერაციების ჩატარება და იაზრებს თუ არა წაკითხულ ტექსტს. ძირითადად ლაპარაკი სწორედ უნარებზეა და არა ცოდნაზე. ელემენტარული მათემატიკური განათლებაც რომ სასიცოცხლო უნარია, ალბათ დამეთანხმებით. სხვისი არ ვიცი და მე ვერ წარმომიდგენია ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, რომლის სტუდენტმაც შეიძლება არ იცოდეს რიცხვების შეკრება, პროცენტის გამოთვლა, ოთახის ფართობის გაგება, არ შეეძლოს ტექსტის გააზრება და ა.შ. ყველაფერი ეს უნდა ვითარდებოდეს ძირითადი საგნების სწავლებასთან ერთად და შეუძლებელია ისწავლებოდეს ცალკე. თუ მოსწავლეს ეს უნარები არა აქვს, ან სკოლას შეუცოდავს, ან - თავად. ან სკოლამ და ოჯახმა ვერ აღძრეს მასში აზროვნებისა და განათლების მიღების ნება, ან თავად არის ყველაფერი ამისაგან შორს. ეს არ არის ცალკე სასწავლო დისციპლინა. ეს უფრო იმის შემოწმებაა (უნდა იყოს მაინც), აბიტურიენტი ინტელექტუალურად რამდენად არის მომწიფებული საიმისოდ, რომ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს სწავლა. მართალია, ტესტების ამოცანების ნახევარი მათემატიკიდანაა, მაგრამ არა მგონია, გახსენებას საჭიროებდეს, რომ თუკი რაიმე ავითარებს გონების დისციპლინას, სწორედ მათემატიკაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ძველი ბერძნებიცა და მათი გავლენით - მთელი ევროპული სამყარო. 
ამგვარ შემოწმებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმართავენ. გაიხსენეთ GMAT-ის ტესტები, ფსიქომეტრული ტესტები და ა.შ. როდესაც ჩვენთან ამ გამოცდაზე მუშაობდნენ, ანალოგიური პრაქტიკით სარგებლობდნენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელის კოლეჯების გამოცდილება. 
ჰქონდა თუ არა ამ გამოცდას პოზიტიური შედეგები? ნამდვილად ჰქონდა. 

 

1. მათემატიკური უნარები. 2005 წელს, როდესაც პირველი აბიტურიენტები მოვიდნენ ჩემთან (არ დავმალავ, უკვე მეთოთხმეტე წელია, ამ საქმეს ვეწევი), მათმა დიდმა ნაწილმა ქვეშმიწერით შეკრება არ იცოდა. წილადებზე და ათწილადებზე არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება ხშირად გადაულახავი წინააღმდეგობა იყო. რამდენიმე წელიწადში სიტუაცია შეიცვალა. მშობლების და მოსწავლეების უდიდესმა ნაწილმა დაინახა, რომ მათემატიკის უგულვებელყოფა არ შეიძლებოდა - თუნდაც ზოგადი უნარების გამოცდის გამო. დღეს ძირითადად უკვე იგულისხმება, რომ მოსწავლემ მათემატიკის ელემენტები იცის.

 

2. ელემენტარული ლოგიკური ოპერაციების ჩატარების უნარი. რასაც ჩვენს გარშემო ვუცქერთ, არა მგონია, ვინმეს ეჭვს უჩენდეს ამ უნარის აუცილებლობაში. 

 

3. ტექსტის გააზრება. წიგნის სიყვარული და ტექსტის გაგების სურვილი შორსაა იმისგან, რასაც ბავშვს ხშირად სკოლაში სთავაზობენ. 

 

ამ გამოცდის არსებობა მოსწავლეს არწმუნებდა რაციოზე ორიენტაციის აუცილებლობაში. ახლა თავად განსაჯეთ, სჭირდებათ თუ არა ჩვენს მოსწავლეებსაც და, ზოგადად, საზოგადოების წევრებს ეს. 

 

ამ გამოცდის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ხშირი არგუმენტი ისაა, რომ ის სკოლაში არ ისწავლება და რომ აბიტურიენტებს მომზადება სჭირდებათ. ვიმეორებ :ეს არ არის სასწავლო დისციპლინა. სკოლა რომ თავის საქმეს აკეთებდეს, აბიტურიენტს რეპეტიტორი არ დასჭირდებოდა. მისთვის საკმარისი იქნებოდა, მეთორმეტე კლასში ტესტთან მუშაობის გამოცდილება მიეღო. ცხადია, ერთ წელიწადში შეუძლებელია, მან აინაზღაუროს ის, რაც დააკლდა თორმეტი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაც ელემენტარულ ინტელექტუალურ გამოცდილებას მაინც იძენს და რაღაც ხარისხით მაინც არის მზად უმაღლესი სასწავლებლისათვის.

 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტესტებში მოცემული ამოცანები ზოგჯერ საეჭვო ღირსებისაა, მაგრამ ეს უფრო შემდგენთა მიზეზითაა და არა გამოცდისა. 

 

ნებისმიერ საგანში და, მათ შორის, ზოგად უნარებშიც რეპეტიტორის აუცილებლობას აჩენს არა გამოცდის არსებობა, არამედ ის, რომ სკოლამ, მშობლებმა და მოსწავლემ დააკლეს რაღაც. ეს ინსტიტუტი ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. 

 

რაც შეეხება სასკოლო გამოცდებს. ძალიან მოკლედ და ზოგადად ვიტყვი, რომ გამოცდების გაუქმება გულისხმობს, რომ ჩვენ გვყავს კრიტიკული ოდენობა ისეთი პედაგოგებისა, ვინც სწავლების ყოველდღიურ პროცესს პატრონობს ისე, როგორც საჭიროა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ბავშვი არა რაღაც ალგორითმების ათვისებისაკენ, არამედ, როგორც მაქს შელერი იტყოდა, სულის ახალი მდგომარეობისაკენ. ამ შემთხვევაში, ცხადია, გამოცდა ზედმეტი ტვირთია. ახლა, თავად განსაჯეთ, გვყავს თუ არა. თუ გვყავს, გამოცდების გაუქმებას აზრი აქვს. თუ არა გვყავს, ხომ არ შემობრუნდება ავადსახსენებელი 70-იანი წლები, როდესაც მისაღებ გამოცდაზე ატესტატების კონკურსი იქნა შემოღებული და ამან სკოლებში არნახული კორუფცია გააჩინა? სულო ცოდვილო და თუ ასეთი პედაგოგები არ გვყავს, გამოცდების გაუქმება, უმალ, ვალების ჩამოწერას ემსგავსება და უფრო პოლიტიკური აქტია, ვიდრე საგანმანათლებლო.

 

და კიდევ: ის რომ სადღაც რაღაცნაირადაა, არ ნიშნავს, რომ მოდელი, რომელიც უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ გარემოში შემუშავდა, ერთი-ერთზე შეიძლება იქნას გადმოტანილი ასეთივე უნიკალურ გარემოში. არ იმუშავებს, რადგან სხვა ადამიანური „მასალაა“, განათლებისადმი და სოციალური პასუხისმგებლობისადმი სხვა დამოკიდებულებაა.

 

მკვდრადშობილი „სტრუქტურული ცვლილებების“ პროექტები კარგს ვერაფერს მოგვცემს, თუ ძირეულად არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება განათლების, როგორც ფენომენის მიმართ. ეს რთული და დიდი თემაა და მას აქ არ შევეხები. სამწუხაროდ, ეს სფერო ვერ გამოთავისუფლდა მიმდინარე პოლიტიკის გავლენისაგან. პოლიტიკურად არასტაბილურ ვითარებაში შეუძლებელია 10-15 წელზე გათვლილი სტრატეგიის შემუშავება. 

 

P.S. ამ რამდენიმე ხნის წინ ერთმა ორი დიპლომის მქონე ადამიანმა (მართლა ორი დიპლომი აქვს!) თავისი ოთახის ფართობი ვერ იანგარიშა და მეზობელს მიმართა თხოვნით, გამომითვალეო", - წერს ფირალიშვილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი