02:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია. იტალიური მხარე მაკრონის ადმინისტრაციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი პროდუქცია „Boeing“-მა შეისყიდა

სიახლეები

როგორია მთავრობის ახალი ხედვა განათლების სისტემის შესახებ?

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. 

 

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საზოგადოება თანხმდება განათლებისა და მეცნიერების ფუნდამენტურ როლზე ქვეყნის განვითარებისთვის.

 

„სექტემბერში პრემიერმინისტრთან ერთად წარმოვადგინეთ განათლების რეფორმის ხედვა, როგორ უნდა განხორციელდეს, რა ეტაპებს მოიცავს, რამდენად სისტემური იქნება ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდება. დღეს წარმოვადგენთ 3 თვის შემუშავებულ გეგმას, რომელიც მოიცავს რეფორმების პირველ ეტაპს და მიმართულია განათლების სექტორის ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისი ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით 3 კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები, კონსულტაციები, გაიმართა 12 პრეზენტაცია.

 

მინისტრმა დეპუტატებს გააცნო, თუ რით განსხვავდება შემოთავაზებული რეფორმა უკვე განხორციელებული რეფორმებისგან.

 

„ეს არის მთელი სისტემის რეფორმა ანუ სისტემური ცვლილება, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს და შეეხება, როგორც სკოლამდელ განათლებას, სკოლას, ისევე პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას. ჩვენი ხედვა არის ერთიანი სისტემის რეფორმა და არა ცალკეული გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არ გვიქმნის ერთიან სურათს, რა შედეგს უნდა ველოდებოდეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

 

უმნიშვნელოვანეს ამოცანათა შორის მიხეილ ბატიაშვილმა, პირველ რიგში, სკოლამდელი განათლება დაასახელა. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშავდება კონცეფცია, რომლიც აგებული იქნება ხედვასა და მომავალ მიღწევებზე. მისი თქმით, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

 

„მიმდინარეობს მუშაობა პედაგოგების ამ საფეხურზე სერტიფიცირების და მათი შესაბამისი ფინანსური ანაზღაურების შესახებ, რომ შემუშავებული გვქონდეს ერთიანი ხედვა, რომელსაც, ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოს ჩვენ უკვე წარმოვადგენთ“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში.

 

„დასწავლით ცოდნის დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი მოსაზრებით, საჭიროა ისეთი თაობა, რომელიც ორიენტირებულია არა მარტო დასწავლაზე, არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სწორი ანალიზის უნარის განვითარებაზე.

 

მისი ინფორმაციით, 150-ე საჯარო სკოლაში დაწყებულია ახალი მოდელის ინტეგრირება დაწყებით კლასებში.

 

„ეს არის ის ნიმუში, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ განათლებას. ეს არის საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩართული ბავშვები, ეს არის ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.

 

2019 წელს განახლებული პროგრამა დაახლოებით 150 სკოლაში.

 

„წლების მიხედვით გაწერილი გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. თითოეულ ეტაპზე მოხდება შეფასება და კვლევები. სწორედ ამ კვლევებისა და შეფასებების საფუძველზე, ასევე სპეციალისტებთან ერთად მსჯელობის საფუძველზე მოხდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი ვარაუდით 2023-24 წლებისთვის განახლებული პროგრამა ყველა სკოლას მოიცავს.

 

მან ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც რეფორმაა დაფუძნებული.

 

„ეს არის სკოლების გაძლიერება, ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა. სკოლის დირექტორი იქნება როგორც ლიდერი“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

„ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდი el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სტრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

 

მან ყურადღება გაამახვილა პედაგოგების სქემაზე. „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე.

 

მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

 

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე. ჩვენ მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას და სექტემბრისთვის მოხდება პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზრდა“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ახალი სასწავლო დაწესებულებების მშენებლობას გულისხმობს.

 

„თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ახალი სკოლების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას. თუმცა ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, რომ მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები. რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და ტენდენცია გრძელდება, რათა მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები.

 

მინისტრის თქმით, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს. რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

 

განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე – 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს ექცევა. წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების.

 

2019 წელს დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.

 

მინისტრის ინფორმაციით, „სკოლებში იქმნება თვისებრივად ახალი მანდატური და იზრდება ამ სამსახურის ხელმისაწვდომობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ზრუნვასა და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნაზე. 

ბოლო სამი თვის განმავლობაში აშშ-ის სკოლის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციასთან (NASRO) ინტენსიური მუშაობის შედეგად, შემუშავდა სწორედ თვისებრივად განსხვავებული მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას მიექცევა. ამისათვის ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები. შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს.

 

უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

 

კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.

 

მინისტრის თქმით, უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

 

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11 ახალი ლოკაცია, რომლის განვითარება 2018 წელს დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.

 

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ. შესაბამისად, ახალო მომავალში ახალი პროფესიული სასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსენა.

 

„რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების, გადამზადების პროგრამების გაძლიერება უმაღლეს განათლებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია. მით უმეტეს, კვლევები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით რეგიონებში პროფესიული განათლებისადმი ინტერესი მზარდია“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

 

მინისტრმა ისაუბრა ასევე უმაღლესი განათლების ეტაპზე განსახორციელებელ ცვლილებებზე. „უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.

 

2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში, ხოლო მესამე - უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ექნებათ, თავად დანიშნონ გამოცდა აღნიშნულ ან/და სხვა რელევანტურ საგანში.

 

2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

 

სავალდებულო საბაზო განათლების 9 წლიანი სისტემა 10 წლამდე გაიზრდება. დამტკიცდება საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა.

 

„ჩვენი ხედვა მიმართულია ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცისკენ, რისთვისაც უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობაზე. „ჩვენი აზრით, მაღალი ხარისხის განათლება იწყება მეცნიერებით“, - განაცხადა მან. მინისტრს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ახალგაზრდების დაინტერესება მეცნიერებით. იგი მეცნიერების სფეროს მაქსიმალურ ფინანსურ დახმარებას აპირებს. მისი ინფორმაციით, მეცნიერების დასაფინანსებლად 32 მლნ ლარია გამოყოფილი. განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია. 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს. ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში შეუწყობს ხელს, აგრეთვე, საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს.

 

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს - ERC - სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

 

მინისტრის თქმით, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა). გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით. მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან.

 

მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. კითხვები ძირითადად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებას, ზოგადი უნარების გამოცდას, ინკლუზიურ განათლებას ეხებოდა.

 

შავი ზღვის უნივერსიტეტის შესახებ საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება, შეეჩერებინა უნივერსიტეტისათვის პირველკურსელთა მიღება, ეფუძნებოდა უნივერსიტეტის დავალიანებას, რის გამოც შესაძლებელი იყო გარკვეული რისკები გაჩენილიყო. ამას თავად უნივერსიტეტიც აღიარებდა. როგორც კი შავი ზღვის უნივერსიტეტმა დაფარა მთლიანი დავალიანება და წარუდგინა საბჭოს შესაბამისი დოკუმენტაცია, დამოუკიდებელმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. 

 

„თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, მას ერთი წელი არ აქვს უფლება განაცხადი თავიდან შემოიტანოს – ეს არ არის სწორი და ამაზე ვიმუშავებთ. უნივერსიტეტმა შეიძლება ერთ თვეში გამოასწოროს პრობლემები, თუმცა ერთი წლით დაცდა უწევს. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დროულად შეძლებს ხარვეზების გასწორებას, ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

მობილობის თემაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის თანახმად, სტუდენტს პირველი ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება მობილობაში მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

 

მინისტრის თქმით, გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტრომ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციის შედეგად მიიღო, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ესპერტები და განათლების სფეროს წარმოამდგენლები.

 

კითხვაზე, თუ რა კვლვებს ეფუძნებოდა ჩამოყალიბებული კონცეფცია, მინისტრმა დაასახელა მხოლოდ იმ ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც კონსულტაციებში იყო ჩართული. მისი თქმით, აღნიშნულ კვლევებში ჩართულები იყვნენ: „ტრენინგებისა და კონსულტაციების“ ცენტრი, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქლაქო ურთიერთობებისა და ინიციატივების ცენტრი“, „განათლება ყველასათვის“, სკოლის ადმინისტრაციები, სკოლის მასწავლებლების ასოციაციები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID, ათასწლეულის გამოწვევი კორპორაცია, UNICEF, ევრიკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ამერიკის მთავრობის, შვეიცარიისა და სხვადასხვა ფონდები, მაიკროსოფტი. მისივე თქმით, კონსულტაციები გაიმართა ქართულ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლებთან, საბოლო ჯამში, ასეულ ადამიანთან შეხვედრა იყო სხვადასხვა ფორმატის.

 

„იგეგმება კომიტეტის გასვლითი სხდომა , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა მოადგილე და სსიპ-ის ხელმძღვანელი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ორგანიზაციასთან და მათთან კონსულტაცია. საბოლოო დოკუმენტი, რომლის სამუშაო ვერსია უკვე არსებობს, მალე გახდება სტრატეგიული დოკუმენტი“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

მინისტრის თქმით, კვლევების შედეგები, ორშაბათს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და მასში ასახულია თუ რას ეყრდნობოდა სამინისტრო ე.წ. CAT-ის გამოცდების გაუქმებისას, როგორ უარესდებოდა შედეგები წლების განმავლობაში.

 

მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია. მათ შეეძლებათ ნებისმიერი საგანი მოითხოვონ მისაღებ გამოცდებზე, რომლის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნვეყოფს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მუშაობა გრძელდება უნივერსიტეტების ჩართულობით. ზოგიერთი უნივერსიტეტი უკვე აქტიურად მუშაობს იმაზე, თუ რომელ საგნებს მიანიჭოს უპირატესობა მისაღებ გამოცდებზე.

 

„რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან. უნარების გამოცდების შემოღებას თავდაპირველად ჰქონდა კეთილშობილური მიზანი, კერძოდ, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. რეალურად, სტატისტიკური მონაცემით, უნარები გადაიქცა ცალკე სფეროდ – კონსულტანტებით, ლიტერატურით. ის ამოცანა, რაც გვქონდა, რომ აღმოგვეფხვრა სოციალური უთანასწორობა, ვერ შესრულდა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

„ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი გავზარდეთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. დამატებით კიდევ რამდენიმე მილიარდი გვჭირდება, რომ დასრულდეს რეაბილიტაციის პროცესი. ამ ეტაპზე გვაქვს საჭიროებათა ერთიანი ბაზა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მან სკოლებში ჰიგიენურ პრობლემებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრაც იგეგმება, ვინაიდან იგი ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმის დაანგარიშება, თუ რა რესურსი იქნება საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად. აგრეთვე, მუშავდება ერთიანი პროექტი, რომელიც სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მოგავრებისკენ იქნება მიმართული.

 

ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება, დეტალურად წარმოადგენს სტატისტიკას, თუ რამდენი სკოლის შემოწმება ხდება წლების მიხედვით.

 

„მზად ვარ კომიტეტზე წარმოგიდგინოთ მთლიანი ანგარიში და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო რა დროც არ უნდა დასჭირდეს. მე ვარ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი და ყველა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს, დაწყებული შემოწმებით, დამთავრებული რეფორმით, მე ვარ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი. ჩვენი მოვალეობაა დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას უსწრაფი რეაგირება გვქონდეს. არანაირი არჩევნების თარიღებს არ ეხება სამეურვეო საბჭოს განხილვის თარიღები. სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების თუ სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას. წესით, პარლამენტი თავად უნდა სთხოვდეს სამინისტროს, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

„სამინისტროების გაერთიანებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში. ეს არის შესაძლებლობა ბავშვებისთვის, მიიღონ განათლება სასკოლო პროგრამის გარეთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

მინისტრის თქმით, კულტურული ფასეულებების მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. არაერთი პროექტი უკვე დაიწყო სკოლის გარეთ აქტივობებისთვის. ბავშვები ჩართული არიან ეროვნულ და სხვადასხვა მუზეუმში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ სამინისტროსათვის მიცემული ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამართლებრივი აქტის სახით შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“.

 

დოკუმენტში გათვალისწინებულია სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

დოკუმენტი წარმოადგენს მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმს, რაც მნიშვნელოვნად დაარეგულირებს ინფორმაციის გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში მათი კოორდინირებული მოქმედების პროცესს. ამასთან, განისაზღვრა უფლებამოსილი პირის ინსტიტუტი იმ სკოლებისათვის, სადაც არ არის მანდატური.

 

რისკების შეფასებისა და სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.

 

შეიქმნა სკოლის მრჩეველთა საბჭო, რომელიც ერთგვარ მაკონტროლებელ და საკონსულტაციო როლს შეასრულებს სკოლის უსაფრთხოების საკითხებში.

 

სატესტო რეჟიმში მუშაობს ინტერნეტ პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის ბოლომდე საბოლოო სახით მოდიფიცირდება. მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე ფსიქოლოგის კონსულტაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ვებგვერდი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აქედან გამომდინარე პრევენციას. 

 

2019 წლის ბოლომდე სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის ფარგლებში, სკოლებს გადაეცემა სახელმძღვანელოდ სკოლებში მედიაციის სტანდარტული გეგმა.

 

სკოლებში შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით. იგი გადაუდებელი შემთხვევის დროს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე გაეცნობა არსებულ სიტუაციას და გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.

 

2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული. ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატური. 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით.

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ის მიესალმება პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...