12:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
კობა გვენეტაძე: რასაკვირველია, ხაზარაძეს შევხვდი

სიახლეები

კობა გვენეტაძე პარლამენტში - გამოსვლის ძირითადი გზავნილები

 

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს  სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ მოუსმინა.

 

ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატების განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კობა გვენეტაძე ვალდებული იყო, სესიაზე წარდგენამდე,  კომიტეტის სხდომაზე მისულიყო. 

 

ოპონენტებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომის ფორმატში იმყოფება, ხოლო, რაც შეეხება გვენეტაძის კომიტეტზე მისვლის საკითხს - ეს პლენარულ სხდომაზე მსჯელობის საგანი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

 

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოგვახსენებს ორ თემასთან დაკავშირებით და ასევე გასცემს პასუხებს დასმულ კითხვებზე. რაც შეეხება კომიტეტზე მოსვლის საკითხს, ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა და გაიცეს პასუხი, თუმცა, ეს არ არის აქ მსჯელობის საგანი. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ძირითად საკითხზე, მოხსენებაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს მოხსენება ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით დავსვათ ყველა კითხვა, რაც კი გვაქვს და მივიღოთ, შესაბამისად, პასუხები, შემდეგ დავაზუსტოთ კითხვები, მივიღოთ, ასევე, პასუხები, გამოვთქვათ საკუთარი პოზიციები. როგორც მოგეხსენებათ, ამის შესაძლებლობას, საუბარი იყო არაერთგზის რეგლამენტზე და ცოტა ისეთი ფორმით მოიხსენიებდით. ამის შესაძლებლობა არცერთი წინა რეგლამენტით არ ჰქონდა არცერთ წინა პარლამენტს. ამის შესაძლებლობა აქვს ახალ პარლამენტს და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ ოთხი წლის განმავლობაში, საპარლამენტო მუშაობის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს სტატისტიკაც შეახსენა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, პლენარულ სხდომაზე წარსდგა იმაზე მეტი ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, ვიდრე გასული 12 წლის განმავლობაში. 

 

„წინა 12 წლის განმავლობაში - ეს 12 წელი ფარავს თქვენს რვაწლიან მმართველობას, ამ 12 წლის განმავლობაში სულ რვაჯერ ესტუმრა პლენარულ სხდომას ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, მათ შორის, მინისტრი, პრემიერმინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. 12 წელიწადში რვაჯერ. ეს არის თქვენი სტატისტიკა და ეს არის გასული 12 წლის სტატისტიკა. ეს რეკორდი მოიხსნა უკვე ამ 3 თვის განმავლობაში და გარდა ამ ფორმალური სტატისტიკისა, მნიშვნელოვანია, ასევე, შინაარსი და შინაარსს რაც შეეხება, ეს არის შემდეგი: მოდიან მინისტრები, არის სრული შესაძლებლობა იმისა, რომ დაისვას კითხვები და ამ კითხვებს მინისტრები სცემენ შესაბამის პასუხებს. მე პოლიტიკური შეფასებები არ მინდა, ზოგადად, გავაკეთო, მაგრამ რაც შეეხება წინა დებატებს, დავინახეთ, რომ ჯერჯერობით ანგარიში არის აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ“, -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია პოლიტიკური შოუს ელემენტები, თუმცა, მთავარია, კონცენტრაცია შინაარსზე მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგლამენტის მნიშვნელობას, ასევე, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც დოკუმენტი იძლევა და რეგლამენტის ავტორებს მადლობა გადაუხადა. 

 

„საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია ის, რომ თუნდაც ზედამხედველობის ფორმატში შემოგვაქვს პოლიტიკური შოუს ელემენტები. ყველა ქვეყანაში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი არის, რა თქმა უნდა კონცენტრაცია შინაარსზე. ბატონი კობა მობრძანდა, იგი გააკეთებს მოხსენებას ორივე საკითხთან დაკავშირებით, შეგეძლებათ დასვათ კითხვები, ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღებთ პასუხებს, თუ რამე ნაკლოვანება დაგრჩებათ, დააზუსტებთ ამ შეკითხვებს, მიიღებთ პასუხებს, გამოხატავთ საკუთარ პოზიციებს და ამას შეხედავს, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს პარლამენტში და ეს არის რეგლამენტის შედეგი. რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ბევრი რამ მეტად უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს არის უზარმაზარი ნახტომი, რომელიც მოგვცა ჩვენ ახალმა რეგლამენტმა, რომელიც შედგენილია საქართველოს პარლამენტში და ამისთვის, კიდევ ერთხელ, რეგლამენტის ავტორებს, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მადლობას გადავუხდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტების მიმართულებით განხორციელებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა. 

 

 „პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნეს მოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის.  უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის, ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ  დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

მისივე განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო.

 

„კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში, საშუალოდ, წლიურად 20%-ზე მაღალი იყო.  თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისავის, ასევე საფინანსო სექტორისათვის და მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი, სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში  2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა, ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ - 1/3. მისივე თქმით,  ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში  მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. 

 

„ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს სესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-14 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნეს დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით,  სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ  არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

„როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია - ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური - იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხის გამცემ ორგანიზაციას მიაწოდებს ინფორმაციას შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.  

 

რეგულაციების პირველადი შედეგების მიმოხილვისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია პროგნოზის შესაბამისია და წინასწარი არასრული ინფორმაციით პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 

 

„ამასთანავე, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნეს სესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხის, (დაახლოებით 300 მილიონი ლარის, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია) დაფარვა მოხდა. რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში რჩება, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა ამ ეტაპზე კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სხდომაზე საცალო დაკრედიტების კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის როლი, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. 

 

„შესაბამისად, გადაიდგა ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს. მაგალითად, სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/”4Finance”-ი, რომელსაც, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც ბოლო წლებში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა (მაგ. შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი). შეგახსენებთ, რომ ასეთ სწრაფ სესხებზე, 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა. საპროცენტო განაკვეთის 100%-მდე და შემდეგ კი 50%-მდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვან ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%-მდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

მისივე განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების მთავარი კომპონენტი სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა, რაც გულისხმობს სესხის გაცემას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის შემდეგ. 

 

„ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა. თუმცა, ამ მიდგომის გამკაცრების საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ, როდესაც ის ფიზიკური პირები, რომლებსაც  ჭარბი სესხები ჰქონდათ (საუბარი, ძირითადად იპოთეკურ სესხებზეა), განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იპოთეკური დაკრედიტების ახალი სტანდარტების შემოღების მიზეზები ახსნა. 

 

„მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხები ჭარბვალიანობის მიზეზი არ ყოფილა, ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტების ძალიან მნიშვნელოვანი შერბილება შეინიშნებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

 

მისი განმარტებით,  იპოთეკური სესხები - განსაკუთრებით უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხები  - მოსახლეობის შემოსავლებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა და ბოლო ორი წლის მანძილზე, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღემატებოდა, რაც ძალიან მაღალია. 

 

„იპოთეკური სესხებისთვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა, სესხების უპასუხისმგებლო სტანდარტებით გაცემა, რაც ჩვენთან უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, მომავალში დეფოლტის მაღალ დონეს იწვევს. ეს კი დიდი ალბათობით სისტემურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. თუ გავიხსენებთ 2014 -2015 წლის სიძნელეებს, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში არსებული იპოთეკური პორტფელის ხარისხის შენარჩუნება უმეტესწილად რესტრუქტურიზაციების, დაგრძელვადიანებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ხარჯზე მოხერხდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში კი, ეს ზომები შეიძლება ვერ გატარდეს, რაც პორტფელის ხარისხის საგრძნობლად გაუარესებას და შედეგად, საფინანსო სექტორის სირთულეებს გამოიწვევს“ - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, შინამეურნეობების ჭარბვალიანობის ზრდა და შერბილებული საკრედიტო პირობები 2008 წლის აშშ-ს ფინანსური კრიზისის  ღრმა რეცესიად გადაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. 

 

„კრიზისამდე 5 წლის განმავლობაში  შინამეურნეობების ვალის მშპ-თან თანაფარდობა სწრაფად იზრდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ირლანდია, ესპანეთი. აღნიშნულ პერიოდში, ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა და საკრედიტო დანაკარგები მცირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყო ხელი, მისი საბოლოო შედეგი ფინანსური კრიზისი იყო. კრიზისის თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროულად დაინერგებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და მოსახლეობის დაკრედიტება მათი გადახდისუნარიანობის საფუძველზე მოხდებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნგრეთის მაგალითიც მოიყვანა, სადაც 2000-იანი წლების შუაში საოჯახო მეურნეობების უცხოური ვალუტით დავალიანება მკვეთრად გაიზარდა. 

 

„უცხოური ვალუტით დავალიანების ზრდის მთავარი მიზეზი რისკების არასათანადო შეფასება იყო. 2008 წელს უნგრეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდა და პრობლემების წინაშე ბანკებიც აღმოჩნდნენ. შედეგად, 2014 წელს უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

 

მისივე განმარტებით, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში შემოსავლის მიხედვით 30%-დან 60%-მდე მერყეობს, რაც ერთ-ერთ ყველაზე რბილ მაჩვენებელს წარმოადგენს.  

 

„ჩვენზე უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში ეს კოეფიციენტი გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, ის ჩეხეთში 45%-ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ, რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში. 

 

„საგულისხმოა, რომ ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ამასთან, ბაზარზე გამოჩნდა ლარის იპოთეკური სესხები მკვეთრად შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით, დაახლოებით9,15% ეფექტური. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე ახალი სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ყოველივე ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ 2019 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნესის დაკრედიტების წილი, განსაკუთრებით აქტიურია საშუალო და მცირე ბიზნეს სეგმენტი. გარდა ამისა, მთლიანად მაკრო სურათს თუ შევხედავთ, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაშიც ამ რეგულაციების წვლილიცაა. ეს იმ პოზიტიური შედეგების არასრული ჩამონათვალია, რაც უკვე ამ პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ თებერვლის მონაცემებით მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 15%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 მისივე თქმით, ამ რეგულაციის ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე გავლენის შეფასება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. 

 

 „როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ეს რეგულაცია გახდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი კი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით, რაც ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, როგორც ეს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით იყო განსაზღვრული, თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.

 

„ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც, თიბისი ბანკის ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები იყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

მისივე თქმით, ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება.

 

„ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონმდებლობის მიხედვით კონფიდენციალურია. თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ, პირველ რიგში, სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა  თიბისი ბანკს არსებული რისკების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფრთხილებდა.

 

„2018 წლის 22 თებერვალს, ანუ მანამ, სანამ, ცნობილი გახდებოდა დღეს უკვე ყბადაღებული 17 მილიონი დოლარი სესხის ამბავი, თიბისი ბანკს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ:

 

„სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ აღმასრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსილების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულს ხაზს უსვამს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ანაზღაურებაც, რაც დასაბუთებულია მათი საკვანძო როლით, მათ შორის აღმასრულებელი ფუნქციების შეთავსებით. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო როლის ეფექტიან შესრულებას.

 ბანკისათვის პოტენციური ზარალის რისკებს ქმნის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან ბანკის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის შესაძლო გამოყენება. სხვადასხვა დროს ირღვეოდა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“ განსაზღვრული მოთხოვნები ბანკის აქციონერებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას. ასევე, შეინიშნება ხარვეზები სხვა დაკავშირებული მხარეების დაკრედიტებისა და ზოგადად ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ მართვის პროცესში. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მხრიდან“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.  

კობა გვენეტაძის განცხადებით, ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით კომპანიების „სამგორი M" და „სამგორი თრეიდი" გამოყენებით ბანკიდან 17 მილიონ დოლარამდე თანხა ისესხეს, დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო. 

 

„ამ ტრანზაქციებით აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს თიბისი ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იდგა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   

 

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება. 

 

„ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე,  რადგან, არავის მოსწონს, როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, რომ გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ჩვენი ზედამხედველობის რომელიმე  სუბიექტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები მას, რომ სასამართლოში გვიჩივლოს. ერთ-ერთი შეხვედრისას, ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევაზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის მიმართ და ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ. თუმცა, ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის, საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობითა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა ხშირად ამბობენ, რომ თითქოს მათ ბანკი წაართვეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დამფუძნებელი აქციონერების წილები ბანკში უცვლელია. მათი თანამდებობები ბანკის მშობელ კომპანიაში - TBC Bank PLC-ს საბჭოში - ასევე უცვლელია. მათ კვლავ აქვთ ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომის ძირითადი მიზანი კი, აქციონერების ბანკის საოპერაციო საქმიანობიდან დისტანცირება იყო, რაც საუკეთესო კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპია“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

 

მომხსენებელმა, პარლამენტის წევრებს ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკის მიმართ გატარებული საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

 

მისი თქმით, ტყუილია აქციონერების განცხადება, თითქოს, 2007 წელს, ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში გააჩერა ბანკი და პრაქტიკულად აუკრძალა სესხების გაცემა. 

 

„სინამდვილეში, 2007 წელს ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ადვილად გადამოწმებადია. უფრო მეტიც, არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, ბანკის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარებით მისი ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის ბოლოს 594 მილიონი ლარი, ხოლო 2007 წლის ბოლოს 1,173 მილიონი ლარი იყო, ანუ, პორტფელი ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტს და მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი ჩამორჩებოდა მაშინდელ მოთხოვნებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბანკი კვლავ განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობის და სხვა პროციკლურ სექტორებში, რის გამოც, 2008 წლის ომისა და კრიზისის დროს ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო,“ - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

მისივე თქმით,  გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს.

 

„სამ წელზე მეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მიკავია და ჩემი წინამორბედების საქმიანობა არასოდეს შემიფასებია. მაგრამ დღეს კი, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, მაშინ, როდესაც ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია და ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ. ასევე, ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყ

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...