23:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი
Sukhoi Superjet 100-ის პილოტებმა ავარიული დაშვებისას კრიტიკული შეცდომები დაუშვეს

სიახლეები

როგორ სრულდება განათლების მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტი

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების თაობაზე იმსჯელეს.

 

საკითხი წარმოადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, რომელმაც კანონმდებლებს ეკონომიკურ პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია და შემდეგ დეტალურად ისაუბრა უშუალოდ პირველი კვარტლის შესრულების შედეგებზე კომიტეტების დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით.

 

„2019 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 4, 5%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდის ფარგლებში. წინასწარი მონაცემებით, პირველი კვარტლის მდგომარეობით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,7%, განსაკუთრებით აღსანიშნავია მარტის მაჩვენებელი, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 6%-ს მიაღწია. ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 3,7%, წლიური მიზნობრივი მაჩვენებელი კი განსაზღვრულია 3%-ით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

მისივე თქმით, რაც შეეხება საგარეო სექტორს, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი იყო 826.0 მლნ აშშ დოლარი, რაც 12.8 პროცენტით მეტია 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ხოლო იმპორტი - 1 981.3 მლნ აშშ დოლარი, 4.7 %-ით ნაკლები. პირველ კვარტალში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ევროკავშირი, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 24.9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი (13.3%), რუსეთი (11.6%), აზერბაიჯანი (9.7%). სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 16.4 %-ით, მომდევნო ადგილებს იკავებენ: მსუბუქი ავტომობილები 12.0%, ფეროშენადნობები 11.6%, მედიკამენტები 6.3%, ყურძნის ნატურალური ღვინოები 5.9% და ა.შ. იმპორტში კი ევროკავშირის წილი არის 25.3%, შემდეგ მოდიან თურქეთი - 16%, ჩინეთი - 11.2%, რუსეთი - 9.7% და ა. შ. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 578.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.0 %-ით (27.7 მლნ აშშ დოლარით მეტი) აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ხოლო ფულადი გზავნილები 8.4 %-ით გაიზარდა და პირველ კვარტალში 327.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 845 061.5 ათასი ლარით, ფაქტობრივმა შემოსავალმა კი 2 958 392.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.0% შეადგინა. მათში მთავარი არის გადასახადები, რომლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 100,6%-ს მიაღწია. 

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ნაერთი ბიუჯეტის ფარგლებში კაპიტალური ხარჯები, რამაც სამ თვეში 527 მლნ ლარი იყო, ოთხი თვის მდგომარეობით ამ რიცხვმა უკვე 780 მლნ ლარს მიაღწია, რასაც გასული წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, 192 მლნ ლარით მეტია ათვისებული შარშანდელთან შედარებით, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ წელს პროექტების შესრულება გაცილებით კარგად მიმდინარეობს, ვიდრე 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში. დეფიციტი პირველ კვარტალში პროფიციტულია - 0,12% შეადგინა, ანუ 55 მლნ ლარი ნომინალურ გამოხატულებაში. ვალის მოცულობამ კი 32,6% შეადგინა. 

 

მომხსენებლის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების მაჩვენებელმა 104,8%-ს მიაღწია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით იგი განისაზღვრა 13 090 000.0 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 947 920.1 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 2 818 246.2 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 95.6%-ია, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 21.5%.

 

გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა, ზოგადად, ცალკეული სამინისტროების მიერ პირველი კვარტალის შესრულების თაობაზეც, დეტალურად კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ცალკეული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, პირველ კვარტალში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან ათვისებულ იქნა ჯამში 396,9 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 98,2%, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულება არის 26.3%. შემდეგ კი კომიტეტების წევრთა კითხვებს უპასუხა. კომიტეტებმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

 

კომიტეტების გაერთიანებული სხდომის შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა კანონპროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანიმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით არის წარმოდგენილი.

 

კანონპროექტის მიხედვით, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალგაზრდობის სააგენტო, რომელზე კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს მთავრობა იქნება. სააგენტო ფუძნდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე.

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა კანონპროექტს „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

შემდეგ სხდომა გამართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, რომელზეც იმსჯელეს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძისა და ოთარ კახიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე. ესაა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სერგი კაპანაძემ პირველი მოსმენით წარადგინა და კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. ავტორები კანონპროექტით ითხოვენ, რომ ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულო წესით ჩატარება კანონით იქნას გარანტირებული, ხოლო სასწავლო გრანტის მინიჭებისას სავალდებულო იყოს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გათვალისწინება. 

 

განხილვის შედეგები შეაჯამა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და განაცხადა, რომ გამოცდებთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში ორი შეხვედრა უკვე გამართეს, მათ შორის, ერთი კონკრეტულად წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით. 

 

„წარმოდგენილი ინიციატივა პირველ რიგში მოკლებულია მნიშვნელოვან არგუმენტაციას როგორც სამართლებრივი, ასევე ანალიტიკური თვალსაზრისით. თავად განმარტებით ბარათში მოყვანილია ძირითად არგუმენტად, რომ აბიტურიენტთა ძირითადი ნაწილის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა მოხდეს და გამოცდა უზრუნველყოფს სოციალურად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტების გათანაბრებას. ამასთან დაკავშირებით, არსებული ანალიტიკური მონაცემებით და კვლევის შედეგებით, ეს გამოცდა ვერ აღმოჩნდა სოციალური თანასწორუფლებიანობის გარანტი და ასევე ვერც დემოკრატიულობის ინსტრუმენტი, რადგან, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობა გამოცდების შედეგებს შორის, სოფლის და ქალაქის აბიტურიენტებს შორის, სწორედ ზოგადი უნარების გამოცდებში ფიქსირდებოდა, ისევე როგორც უცხო ენის გამოცდაში, სადაც კიდევ უფრო მეტი სხვაობა ფიქსირდება, ამასთანავე 75%-მდე აბიტურიენტებისა ემზადებოდნენ ან მიაჩნდათ, რომ აუცილებელი იყო გამოცდისთვის მომზადება და ეს შესაძლებლობა სკოლის ბაზაზე არ იყო შექმნილი წლების განმავლობაში. რაც მთავარია ვერც ერთ ქვეყანაში ვერ დავასახელებთ მაგალითს, სადაც კანონის დონეზე არის კონკრეტული გამოცდა გარანტირებული“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, პრეცედენტის დაშვება, რომ კანონში იყოს გაწერილი კონკრეტული გამოცდის სავალდებულოობა, არ არის მართებული იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც.

 

მარიამ ჯაშის განცხადებით, სწორედ იურიდიული ტექნიკის და ასევე ანალიტიკური თვალსაზრისით, წარმოდგენილ კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაისის ბოლოსთვის სამინისტროდან ელოდებიან 2020 წელს დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალებთან დაკავშირებით პროექტს, სადაც გაწერილი იქნება თუ როგორ მოხდება მობილობის წესით დაფინანსების ნაწილის გადაჭრა, ასევე გამოცდებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

დასასრულ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძისა და ოთარ კახიძის საკანონმდებლო ინიციატივას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...